TI: აჭარის მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპების შენახვა წელიწადში 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ

717

აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოები 3 444 517 35 ლარი, წლიურად კი – 41 334 208 2 ლარი იხარჯება, – აჭარაში რამდენიმე ა(ა)იპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ა(ა)იპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული მუნიციპალური ა(ა)იპების არსებობა და შესაბამისად, მათი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი.

“ასეთ შემთხვევებად შეიძლება განვიხილოთ ხულოში არსებული ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი „ხიხანი”, ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა” და ბათუმის „საცხენოსნო კლუბი.” ამ ბოლო ორი იურიდიული პირის მიერთება „ბათუმის სპორტული ცენტრისთვის”, ვფიქრობთ, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა. ასევე, აუცილებელია, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპების საქმიანობის სრულყოფილი შესწავლა, მკაცრი მონიტორინგი და მხოლოდ იმ იურიდიული პირების შენარჩუნება, რომელთა საქმიანობასაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს შესყიდვებით ვერ განახორციელებს,”- წერია კვლევაში.

კვლევამ გამოავლინა, რომ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით:

  • აჭარის მუნიციპალიტეტებში მუშაობს 52 ა(ა)იპი, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე 2-ით მეტია. ა(ა)იპებში ჯამურად დასაქმებულია 6,991 ადამიანი, რაც 2015 წლის მონაცემებს (4,415) დაახლოებით 1.5-ჯერ აღემატება;
  • აჭარის მუნიციპალიტეტები ა(ა)იპებში ხელფასების სახით ჯამურად 3,444,517.35 ლარს გასცემს ყოველთვიურად, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე (1,648,211.79) 2-ჯერ მეტია.
  • ბათუმის მუნიციპალიტეტში 13 ა(ა)იპი მოქმედებს, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2-ით მეტია. ამ 13 ა(ა)იპ-ში ჯამურად 2,828 ადამიანია დასაქმებული – 2019 წელთან შედარებით ამ რიცხვმა 331-ით მოიმატა. ამასთან, დასაქმებულ პირთა თვიური სარგო დაახლოებით 1.2-ჯერ გაიზარდა და 1,920,147.35 ლარი გახდა;
  • ქედაში ა(ა)იპების რაოდენობა კვლავ 5-ია. თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობამ 122-ით მოიმატა და 461 გახდა. შესაბამისად, თვიური თანამდებობრივი სარგოც გაიზარდა – 93,754.2 ლარიდან 155,415 ლარამდე;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რიცხვი არ შეცვლილა და კვლავ 5-ია. თუმცა დასაქმებულთა რაოდენობამ აქაც 454-დან 855-მდე იმატა, რამაც თვიური თანამდებობრივი სარგოს 129,787.1 ლარიდან 323,394 ლარამდე გაზრდა გამოიწვია;

TI-ში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი – ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნის, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი – საკადრო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეირჩეს უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

“41 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტებში ვერ ხერხდება”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

TI-ის მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

1) შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გადადგან ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე – ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს;

2) გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” სრული კვლევა აჭარის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებზე იხილეთ ბმულზე.