საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბიურომ საკრებულოების 77 თანამდებობის პირიდან 47-ს ქონებრივი დეკლარაციები უარყოფითად შეუფასა, მათგან 6-ს კი გაფრთხილება მისცა.
საჯარო სამსახურის ბიურომ შეისწავლა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეთა 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციები, რომელთაგანაც მხოლოდ 23 თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია შეაფასა დადებითად.
საკრებულოს თავმჯდომარეებიდან უწყებამ მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. ბიურომ ათიდან ექვსს უარყოფითი შეფასება მისცა, ერთის – თიანეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი წოწკოლაურის დეკლარაციის შესწავლა გადადგომის გამო შეწყვიტა და მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია შეაფასა დადებითად.
აგრეთვე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: საჯარო სამსახურის ბიურომ 15 მუნიციპალიტეტის მერის ქონებრივი დეკლარაციიდან დადებითად მხოლოდ 4 შეაფასა
უარყოფითი შეფასება დაიმსახურეს: მაიზერ ჯაფარიძემ – მესტიის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ქევხიშვილმა – ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარემ, ოთარ ჩალათაშვილმა – საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ – მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და გოგიტა გუგავამ – ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარემ.
რაც შეეხება დადებით შეფასებას, ის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ და სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია ხატიაშვილმა დაიმსახურეს.
ჯამში, 2020 წელს, საჯარო სამსახურის ბიურომ 352 თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, მათ შორის, მუნიციპალიტეტების 161 თანამდებობის პირის. აღნიშნული 161 პირიდან მხოლოდ 57-მა მიიღო დადებითი შეფასება, 13 თანამდებობის პირმა – გაფრთხილება, 88 თანამდებობის პირი დაჯარიმდა, 2-ზე წარმოება შეწყდა, ხოლო 1 საქმე სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა.
შეგახსენებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიურო 2017 წლიდან ახორციელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც მოწმდება კანონმდებლობის საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების მიერ ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების სიზუსტე და სისრულე.