საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების თანახმად, 15 მუნიციპალიტეტის მერიდან დადებითი შეფასება მხოლოდ 4-მა დაიმსახურა, 11-მა – უარყოფითი. 11-დან სამმა კი, უარყოფით შეფასებასთან ერთად, გაფრთხილებაც მიიღო.
გაფრთხილება მიიღო და უარყოფითად შეუფასეს ქონებრივი დეკლარაციის შევსება აბაშის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან მაკალათიას. საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, მაკალათიას დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ანაზღაურება.
უარყოფით შეფასებასთან ერთად, გაფრთხილება მიიღო, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. მან ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა არ ასახა.
მესამე მერი, რომელმაც, უარყოფით შეფასებასთან ერთად, გაფრთხილებაც მიიღო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძეა. საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნაშთში ცდომილება დაფიქსირდა.
უარყოფითად შეფასდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის დეკლარაციაც. დარღვევებს შორის აღმოჩნდა შეუსაბამობა თანამდებობის პირის უძრავ ქონებაში; ცდომილება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნაშთში. ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, მის დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ანაზღაურება.
უარყოფითი შეფასება დაიმსახურა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმაც. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება; ასევე, არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ და არ არის ასახული თანამდებობის პირის ანაზღაურება.
უარყოფითად შეფასდა, ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის დეკლარაციაც. მონიტორინგის შედეგად, მის დეკლარაციაში 4 დარღვევა აღმოჩნდა. კერძოდ: “1. ცდომილება თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშის ნაშთში; 2. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშები; 3. დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; 4. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის და ოჯახის წევრის ხელშეკრულება”.
7 დარღვევა აღმოჩნდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის დეკლარაციაში, რის გამოც მან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. როგორც აღმოჩნდა, “1. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება; 2. ცდომილება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონების ფართში; 3. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები; 4. ცდომილება თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშის ნაშთში; 5. თანამდებობის პირის და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის არ ასახვა. 6. ცდომილება თანამდებობის პირის ხელშერკულების მატერიალურ შედეგში. 7. ხელშეკრულების წარმოუდგენლობა”.
საჯარო სამსახურის ბიურომ უარყოფითად შეაფასა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის დეკლარაციაც. “1. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრების უძრავი ქონება. 2. ცდომილება თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშების ნაშთში, დეკლარაციაში არ არის ასახული თანამდებობის პირის და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები. 3. ცდომილება დეკლარანტის ოჯახის წევრის ანაზღაურებაში, დეკლარაციაში არ არის მითითებული ოჯახის წევრის ანაზღაურება”, – წერია ანგარიშში.
დეკლარაციაში აღმოჩენილი 3 დარღვევის გამო უარყოფითი შეფასება დაუწერეს ონის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილ მერს, ემზარ საბანაძესაც, რომელმაც თანამდებობა 2020 წლის აპრილში დატოვა. კერძოდ, მას დაუფიქსირდა: “1. ცდომილება თანამდებობის პირის უძრავი ქონების ფართში. 2. დეკალარანტმა არ მიუთითა ინფორმაცია მისი ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. 3 ცდომილება თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურებაში”.
უარყოფითი შეფასება მიიღო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა იმის გამო, რომ მას დეკლარაციაში არ ქონდა აღნიშნული ოჯახის წევრის ანაზღაურება.
2 დარღვევის გამო უარყოფითი შეფასება მიიღო, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემაც. “1. შეუსაბამობა თანამდებობის პირის უძრავ ქონებაში; 2.დეკლარაციაში არ არის მითითებული და არ წარმოუდგენია ნასყიდობის ხელშეკრულება” , – ვკითხულობთ ანგარიშში.
საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის შესამოწმებელთა სიაში მოხვდნენ და დადებითი შეფასება დაიმსახურეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ასპინძის და მცხეთის მერები განცხადების საფუძველზე, ხოლო გურნჯაანის მერი და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ელექტრონული შერჩევით შეამოწმეს.
აგრეთვე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: საჯარო სამსახურის ბიურომ საკრებულოების 77 თანამდებობის პირიდან 47-ს ქონებრივი დეკლარაციები უარყოფითად შეუფასა
რაც შეეხება მერების მოადგილეებს, ჯამში შესწავლილი იყო 23 მათგანის დეკლარაცია, საიდანაც 19-ის – შუახევის, ზუგდიდის, მესტიის ორი, გურჯაანის, მარნეულის, გარდაბნის, წალკის, ჭიათურის, ტყიბულის, დმანისის, ონის, საჩხერის, დედოფლისწყაროს, ბაღდათის, ზესტაფონის, მცხეთის, დუშეთისა და ახალციხის მერების მოადგილეთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები უარყოფითად შეფასდა, მათგან ერთს – ახალციხის მერის პირველ მოადგილეს, გურამ მელიქიძეს, გაფრთხილება მიეცა. საჯარო სამსახურის ბიურომ ჯამში მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტის მერის ოთხი მოადგილის (ხონის, მცხეთის ორი და ჩოხატაურის) დეკლარაციები შეაფასა დადებითად.
ჯამში, 2020 წელს, საჯარო სამსახურის ბიურომ 352 თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, მათ შორის, მუნიციპალიტეტების 161 თანამდებობის პირის. აღნიშნული 161 პირიდან მხოლოდ 57-მა მიიღო დადებითი შეფასება, 13 თანამდებობის პირმა – გაფრთხილება, 88 თანამდებობის პირი დაჯარიმდა, 2-ზე წარმოება შეწყდა, ხოლო 1 საქმე სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა.
შეგახსენებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიურო 2017 წლიდან ახორციელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც მოწმდება კანონმდებლობის საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების მიერ ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების სიზუსტე და სისრულე.