ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა მსოფლიოში საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალში მოხვდა. ზღვისპირა ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილისთვის შექმნილ საფრთხეებზე ICOMOS-ის ანგარიშშია საუბარი.
იუნესკოსთან ასოცირებული გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ საფრთხე ემუქრება ბათუმის ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც მე-19 -მე-20 საუკუნეების მიჯნის ურბანული განაშენიანებაა და ძველი ქალაქის მთავარ ხიბლს წარმოადგენდა. ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს მიაჩნია, რომ ბათუმის განახლებას ძველი უბნების კამერული გარემო, განაშენიანების რიტმი, სტილისტური სისადავე და ტრადიციული გამწვანების ხასიათი შეეწირა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
არაერთხელ გამართული საპროტესტო აქციის მიუხედავად, ე.წ. „რივიერას“ ტერიტორია დღეს შემოსაზღვრულია და სივრცეს 5 ცათამბჯენის მშენებლობისთვის ამზადებენ. სამუშაოებისთვის აქ უკვე მზად არის საჭირო მასალებიც.
მშენებლობის ნებართვის გაცემა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ეკონომიკის სამინიტროში, რამდენიმე თვის წინ გაასაჩივრა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით არის გაცემული. იურისტის მტკიცებით, არავის შეუსწავლია, რა გავლენას მოახდენს მრავალფუნქციური კომპლექსის აგება ბათუმის სანაპირო ზოლსა და ქალაქის ორგანულ განვითარებაზე. უწყებამ, საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„ბათუმი რივიერას“ პროექტი, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ანგარიშში მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ცათამბჯენების აშენებით ისტორიულ მემკვიდრეობას, საფრთხე ემუქრება. განმარატავენ, რომ არსებული რეალობა, იმ პირების არაკომპეტენტურობის და გულგრილობის შედეგია, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებნი არიან – თვითმმართველობაში, ძველი ბათუმის დაცვის მნიშვენმლობა არ ესმით.
ICOMOS-მა, ანგარიში, კულტურული მემკვიდრეობის დამცველ საზოგადოებასთან ერთად მოამზადა. „ბათომის“ წევრი შიშობს, რომ ანგარიშში ასახული პრობლემები უფრო მეტ მასშტაბს შეიძენს და ისტორიული ქალაქი, კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ძველი ბათუმი რომ საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაშია, არ უკვირთ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. კოორდინატორის განმარტებით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვისა გაცემა მკაფიოდ აჩვენებს ქალაქის ურბანული განვითარების დონეს.
მიუხედავად იმისა, პრემიერმა კულტურული მემკვიდრეობის და ურბანული ქსოვილის დამახინჯების ხარჯზე, ფულის კეთების ეპოქის დასასრული წინასაარჩევნოდ, 2020 წლის 29 აგვისტოს დააანონსა, ICOMOS-ის ანგარიში და რივიერას ჯერ ისევ ძალაში მყოფი პროექტი, ოცნების ხელისუფლების კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირების მაგალითია.