გარდაბნის ორ სოფელში, ნორიოსა და გამარჯვებაში, საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ

435

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოსა და სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა.

სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის გამარჯვებული კომპანია შპს “ბინექსია”, რომელიც სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 141 333 ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა 864 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მასში 36 საკლასო ოთახი მოეწყობა. დაპროექტებულია ორი მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია სპორტულ დარბაზში ცალ-ცალკე გასახდელების მოწყობა საშხაპეებით. მოეწყობა სააქტო დარბაზი კულისებით, ბუფეტი სამზარეულოთი და პერსონალის მომსახურე სივრცით.

პროექტი ითვალისწინებს პირობების შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. კერძოდ,  მოეწყობასველი წერილები, პანდუსები, ლიფტები და ამწე მექანიზმები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის მიმდებარე ტერიტორიასაც, მათ შორის სატრანსპორტო გზას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და 2021 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაციას, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 230 282 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში იგეგმება საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია.

რეაბილიტირებული სკოლა 270 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და შენობაში 12 საკლასო ოთახი მოეწყობა.

დაპროექტებულია მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახის მოწყობა და სველი წერტილების რეაბილიტაცია.ლაბორატორიებიც და სველი წერტილებიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და 2021 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.