მარიამ ჯაში: არავის აქვს უფლება, პოლიტიკა შეიტანოს სკოლაში

891

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა შუახევის სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ “ქართული ოცნების” დროშებით ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე კომენტარი გააკეთა.

“არავის აქვს უფლება პოლიტიკა შეიტანოს სკოლაში. მე მუდმივ კონტაქტზე ვარ აჭარის განათლების მინისტრთან და დაწყებულია საქმის შესწავლა. რამდენადაც გავარკვიეთ ეს პედაგოგი არ არის ოცნების აქტივისტი ან წევრი. დაწყებულია დისციპლინური საქმის წარმოება, სასჯელი შესაძლოა იყოს გაფრთხილება ან სამსახურიდან გათავისუფლებაც კი”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ფოტო, სადაც მოსწავლეები მასწავლებელ მარინა დარჩიძესთან ერთად “ქართული ოცნების” დროშებით არიან გამოსახულნი. მასწავლებელი აცხადებს, რომ ფოტოს გადაღება მოსწავლეებმა სთხოვეს და დროშებით მათ მიიტანეს სკოლაში. მისი თქმით, ის არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი.

ფაქტს გამოეხმაურა ევროპული საქართველოც”. „ევროპული საქართველოს“ წევრები მოუწოდებენ პრემიერსა და განათლების მინისტრს დაინტერესდნენ ამ ფაქტით, დაიცვან კანონის უზენაესობა და უზრუნველყონ სკოლების დისტანცირება პოლიტიკური აქტივობებისგან.

წყარო: იმედინიუსი