სახელმწიფო აუდიტის სამსახური ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვას დღეიდან იწყებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, გამოკითხვაზე 14 შემომწირველია დაბარებული.
მისივე თქმით, თუ სამართალდარღვევა დადგინდება, შემომწირველები შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო პარტიებს ვალდებულება დაეკისრებათ, შემოწირული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხონ.
”ჩვენ დღეიდან გვყავს დაბარებული 14 შემომწირველი ფიზიკური პირი, რომლებმაც განახორციელეს შემოწირულება აგვისტოს თვის განმავლობაში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” სასარგებლოდ. ამ პირებთან დაკავშირებით სასამართლოს ნებართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურისგან მივიღეთ ინფორმაცია. შემოსავლების დაჯამების შედეგად დაგვრჩა კითხვები, რომ შესაძლებელია გარდა ხელფასისა, გამოყენებული იყოს სხვა შემოსავალი, მაგალითად, ქონების რეალიზაცია ან იჯარა, საერთაშორისო გზავნილი, რომლის მეშვეობითაც მოახერხეს დანაზოგის განხორციელება და შემდგომ პარტიისთვის გადარიცხვა. თუ ჩვენ კიდევ დაგვრჩა ვარაუდი, რომ ეს მათი თანხა არ იყო და არ ჰქონდათ დანაზოგის განხორციელების საშუალება, შევადგენთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და გავგზავნით სასამართლოში, რომ შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს თვითონ ფიზიკურ პირს, პარტიას კი ვალდებულება ექნება, რომ ამ ფიზიკური პირისგან მიღებული თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში”, – განაცხადა აზნაურაშვილმა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მლნ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ – 323 675 ლარი, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობას” – 5 432 ლარი შესწირეს.
მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვთ 7.726.993.45 ლარი.
წყარო: ინტერპრესნიუსი