აუდიტის სამსახური პარტიებისთვის ფულის შემწირველ 14 ფიზიკურ პირს იბარებს

751

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 14 ფიზიკური პირის დაბარებას გეგმავს, რომელთაც სხვადასხვა პარტიებს შემოწირულების სახით თანხა ჩაურიცხეს.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვი, რომ მათ არ აქვთ იმხელა შემოსავალი, რა რაოდენობის თანხაც სხვადასხვა პარტიას შესწირეს.

აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მათგან 6 პირი “ევროპული საქართველოს”, ხოლო 8 “ქართული ოცნების” შემომწირველია.

“ჩვენ ვიბარებთ ამ პირებს, ვთხოვთ მათ რომ წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მათი შემოსავლობის ნამდვილობას. თუ ფიზიკურ პირებს არ დაუდასტურდათ შესაბამისი შემოსავალი, მაშინ შედგება დაჯარიმების ოქმი, რომელიც გაეგზავნება სასამართლოს და შემდეგ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, ეს პირები იმ თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან, რაც პარტიებს შეწირეს. შეწირული თანხა კი ბიუჯეტში გადაირიცხება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებმა შემოწირულების სახით 7 726 993 ლარი მიიღეს.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: ImediNews