კაპანაძე: სრულიად გაუგებარია, რა პრეტენზიებს უყენებს გიორგი გახარია ოპოზიციას

340

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი დროს, თუკი ოპოზიცია არ ეხმარება მათ, ხელს მაინც ნუ შეუშლიან.

სერგი კაპანაძის თქმით, გაუგებარია გახარიას კრიტიკა, რადგან მას აქვს ერთპარტიული პარლამენტი და ერთ ადამიანს აბარებს ანგარიშს, „ამრიგად, მას არ უნდა უკვირდეს, რომ გაყალბებულ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ არალეგიტიმურ პარლამენტში ოპოზიცია არ არის“.

მისივე განცხადებით, გახარიას ეთაკილა, რომ მას არავინ დაუსვა კრიტიკული კითხვა იმ პროგრამებზე, რომელიც დღეს მან წარმოადგინა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

„გაუგებარია ბატონ გახარიას რა უნდა, აგერ აქვს ერთპარტიული პარლამენტი, ერთი კაცი ჰყავს ვისაც ექვემდებარება და ემორჩილება და ანგარიშს აბარებს და აკეთოს რაც უნდა. არჩევნები გააყალბეს სწორედ ამიტომ, რომ ემართათ და ეხლა არ იციან რა უნდა გააკეთონ, არ იციან რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, იგივე ძველ მცდარ გეგმას მიყვებიან, დღეს გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში და ისაუბრა რაღაც ბიზნესთან ურთიერთობების გადალაგებაზე და ახალ გზებზე, რა თქმა უნდა, იქ ოპოზიცია არ არის, იმიტომ, რომ გაყალბებულ პარლამენტში არავინ არ შევიდა და ბუნებრივია ეთაკილა ის, რომ არავინ კითხვები არ დაუსვა იმ სისულელეებზე, რომელთაც ბოდავდა მთელი დღის განმავლობაში თვითონაც, მისი მინისტრები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

ამიტომ, არაფერი და არავინ მას ხელს არ უშლის და რაც უნდა ის გააკეთოს, ოღონდ ყველამ კარგად იცის და გაიგო, რომ მისი ეს სიტყვები საერთოდ ფასდაკარგულია, მან პირადად და მისმა გუნდმა შეიყვანა ეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში, პირადად ის არის პასუხისმგებელი თავის გუნდთან ერთად იმ ჯანდაცვის კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, იმ მოუმზადებლობაზე და იმაზე, რომ ამდენი თვის განმავლობაში ელემენტარული საშინაო დავალება არ შეასრულეს და თვითონ პირადად და მისი პოლიტიკური გუნდი არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შეიქმნა. ამრიგად, სრულიად გაუგებარია, რა პრეტენზიებს უყენებს ოპოზიციას. ოპოზიციას, რომელიც თანმიმდევრულად, ამ წლების განმავლობაში, აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, ჩავარდნილ ეკონომიკურ პოლიტიკას, ოპოზიცია, რომელმაც უამრავი წინადადება დააყენა, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებზეც დღეს საუბრობდა, ვითომ რაღაც ახალი აღმოაჩინა და არასოდეს, არცერთხელ არ გაუთვალისწინებია ჩვენი მოთხოვნები. ახლა, მარტო არის ის პარლამენტში, გადასვეს დეპუტატები ისე, რომ გამოჩნდეს თითქოს ცარიელი არ არის პარლამენტი, რაც უნდა ის გააკეთონ, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი.“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.