ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში საახალწლოდ ფულადი დახმარება 960 ბენეფიციარზე  გასცა

890

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლოდ 960 ბენეფიციარზე ფულადი დახმარება გასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 100 ლარი 14 კატეგორიის პირებმა მიიღეს.

„დახმარება შემდეგ კატეგორიებზე გაიცა:

მრავალშვილიანი ოჯახები; დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები;

18 წლამდე ასაკის შშმ პირები; მარტოხელა დედები; დიდი სამამულო ომის ვეტერანები; დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირები;

დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრები; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) ; საქართველოს მთლიანობისთვის ომის ინვალიდები (მათ შორის დევნილებიც); ავღანეთის ომის ვეტერანები; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლული პირები; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლული პირები; 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ ინვალიდები.

ბორჯომის მერიის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.