ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შემოვიდეს პარლამენტში, „რაც შეიძლება მეტში“ არ ვგულისხმობ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას „ნაციონალურ მოძრაობაში“ და „ევროპულ საქართველოს“. უმჯობესი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, მაგრამ სხვებთან მიმართებით სურვილი გვაქვს,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში არა ერთი და ორი, არამედ მეტი ოპიზიციური პარტია შეუერთდება პარლამენტს.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას კომუნიკაცა რომელიმე მათგანთან კობახიძემ უპასუხა: „შეიძლება გვაქვს, შეიძლება არც გვაქვს“.
„ჩვენ ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, რომ არა ორი და სამი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქარველოს პარლამენტში. ამის მტკიცების საშუალებას გვაძლევს ის ძალიან დიდი სივრცე მანევრირებისთვის, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“. რადიკალურ ოპოზიციას მანევრირების არავითარი სივრცე არ აქვს. მათ ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი, რომ ახლა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის რჩებათ. მათთვის ცუდი არის შემოსვლა იმიტომ, რომ მაღლა აწიეს თამასა, ხოლო უარესი არის არშემოსვლა.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ძალიან ფართო სივრცე გვაქვს. ამას მაქსიმალურად პრაგმატულად და რაციონალურად გამოვიყენებთ ისე, რომ საბოლოოდ უზრუნველყოფილი იქნება 2 და 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის წარმოდგენა პარალმენტში. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შემოვიდეს პარლამენტში, „რაც შეიძლება მეტში“ არ ვგულისხმობ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას „ნაციონალურ მოძრაობაში“ და „ევროპულ საქართველოს“. უმჯობესი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, მაგრამ სხვებთან მიმართებით სურვილი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შემოვიდნენ“,-განაცხადა კობახიძემ.