სუბარი: რამდენჯერ შეიძლება არჩევნების ჩატარება?! ვიდრე, რომელიმე პარტია არ იტყვის, რომ მორჩა, კმაყოფილია?!

384

არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ რევოლუციას დააფინანსებს, – ასე განმარტავს „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი იმ საკანონმდებლო ინიციატივის არსს, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.

სუბარის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ღიად და მკაფიოდ ყველა საჯარო სივრცეში სწორედ რევოლუციაზე ლაპარაკობენ.

„ერთია, როცა პარტიების განვითარებას აფინანსებ და მეორეა, როცა პარტიები ამბობენ, რომ არაფერი აინტერესებთ რევოლუციის გარდა. ნახეთ, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის ბოლო პერიოდის განცხადებები. აღმოაჩენთ, რომ ისინი სწორედ ამაზე ლაპარაკობენ. პარტიებს საბიუჯეტო თანხები არჩევნებში მიღებული შედეგების შესაბამისად ეძლევათ. თუ ისინი არჩევნების შედეგებსა და მიღებულ ხმებს არ ცნობენ, გაუგებარია რას ითხოვენ. დაფინანსება პარტიების დემოკრატიული განვითარებისათვის არსებობს. ზოგიერთი პარტია ამ პროცესზე უარს ამბობს და ის გეგმა, რაზეც საუბრობენ, არის არა შემდეგი არჩევნებისთვის მომზადება, დემოკრატიული განვითარება, არამედ ამბოხი, ქუჩაში გასვლა, რევოლუცია და ასე შემდეგ. რევოლუციების დრო დამთავრდა!” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აქვე დეპუტატმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი ნება დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა გამოხატა და ეს ნება არ გადაიხედება.

„რამდენჯერ შეიძლება არჩევნების ჩატარება?! ვიდრე, რომელიმე პარტია არ იტყვის, რომ მორჩა, კმაყოფილია?!” – დასძინა სუბარმა.