კობა ლურსმანაშვილი: ბოლო სამი წლის განმავლობაში 20-25 მლნ ლარის პროექტები დავკარგეთ

592

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები დღეს, 21 დეკემბერს, მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს შეხვდნენ. მერი დეპუტატებს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე ესაუბრა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „იმერეთის მასშტაბით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აუტსაიდერია და სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფება. ასეთ მდგომარეობას ჩვენ შეჩვეულები არ ვართ. ყველა პარამეტრის მიხედვით წარმატებულები ვიყავით.

მუნიციპალიტეტის ავტორიტეტთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, დაახლოებით 1 600 000 ლარი, შეუსრულებელი პროექტების გამო, ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა დაგვებრუნებინა. პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად შევძელით, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში 350 ათას ლარზე მეტს არ დავაბრუნებთ.

მუნიციპალიტეტებს შორის კონკურენციაა – თუ წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხა აითვისე, იმავე ოდენობის თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან კიდევ გიმატებენ.

მდგომარეობა რომ შევცვალოთ, მერიამ და საკრებულომ კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ. მაჟორიტარმა დეპუტატებმა და მერის წარმომადგენლებმა მონიტორინგი და ზედამხედველობა უნდა გაუწიოთ იმ მეწარმეებს, რომლებიც სოფლებში პროექტების განხორციელებას დაიწყებენ.

გასულ წლებში ასეთი პრაქტიკა დამკვიდრდა – მეწარმეები დეპუტატსა და წარმომადგენლებს დალაპარაკების ღირსადაც არ თვლიდნენ.

ყველა მეწარმეს ვაფრთხილებ, რომ დეპუტატისა და წარმომადგენლის სახით მათ ხარაგაულის თვითმმართველობა და მერი ესაუბრება. ვინც ამას ვერ გაიგებს, საქმიანობას ცუდად დაასრულებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში არა მარტო ხარაგაულის იმიჯი დაინგრა, არამედ 20-25 მილიონი ლარის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დავკარგეთ. უფრო მეტიც, შეცდომებისა თუ გადაცდომების ხარჯზე დაახლოებით 600 ათასი ლარი, მეწარმეებთან დაწყებული სასამართლო დავების შემდეგ, შესაძლოა, კიდევ დავკარგოთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში მუნიციპალიტეტი მეწარმეების ინტერესებს მეტად იცავდა, ვიდრე – საკუთარს.

2021 წელს გასულ წლებში შეუსრულებელი ვალდებულებების განხორციელებას მოვუნდებით. მომავალ წელს 21 პროექტისთვის 4 900 000 ლარამდე თანხას მივიღებთ. ჩემთვის მტკივნეულია, რომ სამ თემში (ხუნევი, წიფა, ზვარე) რეგიონული განვითარების ფონდიდან ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდება. თუმცა, სამივე თემში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაფინანსებას მთის განვითარების ფონდიდან ველოდებით.

მინდა ამ საკითხს გაგებით მოეკიდოთ, რადგან საკრებულოში მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემს არ წარმოადგენთ – თქვენ მთელი მუნიციპალიტეტის დეპუტატები ხართ.

ნუ იქნება ზემოდან ცქერა, – აბა, რას აკეთებთ მერიაში. მოგვეხმარეთ მონიტორინგში და საქმის კეთების თანამონაწილეც გახდით. ვინც ასე არ მოიქცევა, ჩვენი შეხედულება გვექნება და როცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიის ფორმირება დაიწყება, იქ წარვადგენთ, ვინ დარჩეს და ვინ – არა. დეპუტატს, რომელსაც, თვეებია, ვერ ვუკავშირდები, მერიის მიმართ პრეტენზია ნუ ექნება. ყველა დეპუტატისთვის ნებისმიერ დროს ჩემი სამუშაო კაბინეტის კარი ღიაა“.

კობა ლურსმანაშვილმა დეპუტატებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დეფიციტურია – ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილ შემოსავლებზე მეტია. მისივე თქმით, წლის განმავლობაში დაგეგმილ შემოსავლებზე მეტს მიიღებენ, რის შემდეგაც ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანენ.

მერის ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტები წიფასა და ნადაბურში არ დასრულებულა. „ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ამ პროექტების შესრულებას თვალყურს ადევნებდა, ბევრი ფიზიკურადაც მუშაობდა, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა, – თუ საჭიროა, თქვენს თემში მეც წამოვალ და მოგეხმარებით“.

კობა ლურსმანაშვილმა ყურადღება მერიის სამსახურების საქმიანობაზე გაამახვილა.

„მერიის ნებისმიერი სამსახურის უფროსი ან საჯარო მოხელე, საკრებულოსთან თუ არ ითანამშრომლებს, მკაცრად დაისჯება. იმის მიუხედავად, რომ კანონი არ მოითხოვს, თანამდებობიდან გავათავისუფლებ იმ სამსახურის უფროსს, რომლის საქმიანობასაც საკრებულო უარყოფითად შეაფასებს“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ მერიასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და კობა ლურსმანაშვილს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის, რადგან მისივე თქმით, წინამორბედ მერს საკრებულო მივიწყებული ჰყავდა.

P. S. შეხვედრის შემდეგ ჩვენ დავუკავშირიდით საკრებულოს წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან.

ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, რომ მერი ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს.

საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ აკაკი მაჭავარიანი მერთან შეხვედრისა და თანაშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

შეხვდება თუ არა საკრებულოს წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან, – ამ შეკითხვით კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

„დღევანდელ შეხვედრაზე მე აღვნიშნე, რომ ჩემი სამუშაო კაბინეტის კარი დეპუტატებისთვის ღიაა, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – აქ მოიაზრებიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.

დღეს ერთდროულად ორივე მხარეს ვერ შევხდებოდი. ასეთი შეხვედრის შესაძლებლობა იქნება საკრებულოს სხდომებზე, სადაც პრინციპული საკითხების განხილვისას მივალ და დავესწრები.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელ დეპუტატებს, მათი ინიციატივის შემთხვევაში, თუ გამოთქვამენ სურვილს, იმ ფორმატში შევხვდები, რა ფორმატსაც აირჩევენ. არ ვარ მათთან საუბრების წინააღმდეგი“.