2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის კორექტირებული პროექტი განხილვის სტადიაშია ლანჩხუთის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში. მერიის საფინანსო სამსახურის განმარტებით, მასში მაქსიმალურადაა ასახული საკრებულოს მხრიდან გაჟღერებული შენიშვნები თუ რეკომენდაციები. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 524,400 ათასი ლარითაა განსაზღვრული. ირკვევა, რომ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე სოციალურ პროგრამებს კიდევ ორი დაემატა.
კერძოდ, ბიუჯეტის პროექტის კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა და მასთან კონტაქტში მყოფ პირთა ტრანსპორტირებით დახმარების პროგრამა 25 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსებას ითვალისწინებს. თანხა გაწერილია ვირუსით გარდაცვლილთა სარიტუალო პროგრამისთვისაც და ის სამი ათასი ლარითაა განსაზღვრული.
მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ ფირცხალაიშვილის განმარტებით, ცვლილება შევიდა ბავშვთა დახმარების პროგრამაში და ეპიდემიოლოგიური ვიტარებიდან გამომდინარე დაემატა კიდევ ფულადი დახმარების პროგრამა.
კერძოდ, ცელიაკიით დაავადებულთა (18 წლამდე) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფისთვის, მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში სამი ათასი ლარის დაფინანსებაა გაწერილი. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო კურსისდაფინანსებისთვის პროექტში 44 ათასი ლარია გათვალისწინებული.
საკრებულოს წევრებს მერიის მიერ შემოთავაზებულ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე საბოლოო მსჯელობა ხუთსაბათს, 25 დეკებერს ჩანიშნულ სხდომაზე მოუწევთ.