თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ბორჯომის ყოფილ მერთან, ლევან ლიპარტიასთან და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან, გიორგი გოგიჩაიშვილთან საპორცესო გაფორმდა. ქრთამის აღებაში ბრალდებულებს შვიდწლიანი სასჯელი შეეფარდათ, აქედან ორ წელს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებენ, ხუთი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნებათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
აღნიშნული იფორმაცია „სამხრეთის კარიბჭეს“ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 21 დეკემბერს მიაწოდა, მათივე ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი ჯარიმის სახით 5–5 ათას ლარს გადაიხდიან.
„ბრალდებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მათ საბოლოოდ განესაზღვრათ 7–7 წლიანი სასჯელი, საიდანაც ბრალდებულები ორ წელს მოიხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ხუთი წელი ჩაეთვლებად პირობით მსჯავრად. ასევე დაეკისრათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ორი წლით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდების დაკავების უფლება“, – განგვიცხადეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში.
ბორჯომის საკრებულომ 18 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მათ უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტა. აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი 2020 წლის 28 თებერვალს დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.
რაც შეეხება მერს, მან დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა. ამ დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის – მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილისთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.