მიწის ნაკვეთები და ვაზის მოშენება – ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაცია

561

წინა სტატია

ავტორი ეკატერინე ბასილაია

ასლან საგანელიძე “ქართული ოცნებიდან” ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას წლებია იკავებს. 2014-2017 წლებში ის ჯერ თვითმმართველი ქალაქის – ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო (2017 წელს ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა და ქალაქი და თემი გაერთიანდა), 2018 წლის აპრილიდან კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული თავმჯდომარე გარდაიცვალა.

უფრო ადრე, 2013-2014 წლებში, საკრებულოს ხელმძღვანელობამდე, საგანელიძე ამბროლაურის გამგებლის მოვალეობასაც ასრულებდა. ამდენად, 2013 წლიდან მოყოლებული, მას ქონებრივი დეკლარაცია ყოველ წელს, ჯამში 10-ჯერ აქვს შევსებული.

ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია ასლან საგანელიძეს 2022 წლის მარტის ბოლოს შეუვსია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, თუმცა, ბოლო დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებულია მხოლოდ მეუღლე. ოჯახი ფლობს 10 უძრავ ქონებას. მათ შორის, ასლან საგანელიძეს სახელზეა გაფორმებული 6 ქონება და ყველა მათგანი ამბროლაურის სოფელ კვაცხუთშია.

ასლან საგანელიძეს 100%-იანი წილით 2000 წელს მემკვიდრეობით მიუღია 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელი კვაცხუთში, რომელსაც უწერია, რომ დარეგისტრირებულია საიჯარო ხელშეკრულებით; სოფელ კვაცხუთში 2020 წელს მემკვიდრეობით მიუღია 4 მიწის ნაკვეთი 779 კვ.მ., 810 კვ.მ., 1014 კვ.მ და 783 კვ.მ ფართობებით. ბოლო ნაკვეთზე ორი შენობა-ნაგებობაც დგას. ყველა ამ ქონებას 25%-იან წილს ფლობს თავად, დანარჩენი 25%-იანი წილები კი გაფორმებულია მეუღლის, მაგდანა ვაჩაძის და შვილების – ელენე და ანნა საგანელიძეების სახელებზე;

ასლან საგანელიძე 25%-იანი წილით ასევე ფლობს 840 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ კვაცხუთში, რომელსაც მიწერილი აქვს, რომ 2020 წლიდან ფლობს მიღება-ჩაბარების აქტით. ამ უძრავი ქონების დანარჩენ წილებს ასევე თანაბრად ინაწილებენ მეუღლე და ორი შვილი.

4 უძრავი ქონება გაფორმებულია მეუღლის სახელზე. მაგდანა ვაჩაძე ფლობს 2014 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთს ამბროლაურში, ჭავჭავაძის ქუჩის II შესახვევის N4-ში, სადაც 188 კვ.მ შენობა-ნაგებობა დგას; ასევე, 2018 წელს მემკვიდრეობით მიუღია 1099 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამავე ქუჩაზე, თუმცა, ქუჩის ნომერი მითითებული არ არის; ამასთან, მაგდანა ვაჩნაძეს თბილისში, მუხიანის დასახლებაში, 2014 წელს ორი უძრავი ქონება შეუძენია, 62,82 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 7,08 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ორივე ამ ქონებაზე ცალ-ცალკე მიწერილი აქვს, რომ იყიდა 30 000 აშშ დოლარად. 2014 წელს თბილისში ნაყიდი ამ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციებში მხოლოდ 2019 წლიდან ჩნდება.

საკრებულოს თავმჯდომარესა და მისი მეუღლეს არ ჰყავთ ავტომანქანა. სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები არ არიან, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.

ასლან საგანელიძეს ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2021 წელს მიღებული აქვს 27 182,4 ლარის შემოსავალი. მეუღლეს, მაგდანა ვაჩაძეს, ამბროლაურის სოციალური სააგენტოს მთავარი სპეციალისტის პოზიციიდან 2021 წელს 11 816 ლარის შემოსავალი მიუღია.

დეკლარაციის შევსების დღეს ასლან საგანელიძეს “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 1805,63 ლარი ჰქონდა, “თი-ბი-სი ბანკის” ანგარიშზე – 947,76 ლარი. მეუღლეს, მაგდანა ვაჩაძეს, “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე ედო 454,82 ლარი; ამავე ბანკის ანგარიშზე – 1373,95 ლარი.

ასლან საგანელიძეს “თი-ბი-სი ბანკიდან” 2017 წელს გამოტანილი აქვს 60 917 ლარის სესხი, რომელიც 2025 წელს უნდა დაფაროს. ამ ვალის შესახებ ყველა დეკლარაციაშია აღნიშნული.

საგანელიძეს პირველი დეკლარაცია 2013 წელს აქვს შევსებული, როცა ის ამბროლაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2013 წლისთვის ოჯახის წევრებად მითითებულია: დედა, მეუღლე და სამი შვილი. 2014 წელს – მეუღლე და სამი შვილი, 2022 წელს კი ოჯახის წევრებად შვილები აღარ ფიქსირდება.

2013 წლის დეკლარაციით, ასლან საგანელიძეს სოფელ კვაცხუთში 6 მიწის ნაკვეთი და ერთი საცხოვრებელი სახლი ჰქონდა. მიწის ნაკვეთების რაოდენობა უცვლელია. ასევე, უცვლელია ოთხი მიწის ნაკვეთის ფართობიც. 783 კვ.მ, 840 კვ.მ, 810.00 კვ.მ და 1014 კვ.მ მიწის ნაკვეთები ათივე დეკლარაციაში ზუსტად ამ მონაცემებითაა შეტანილი. მხოლოდ 590 კვ.მ და 165.00 კვ.მ ფართობების მიწის ნაკვეთები ბოლო ოთხ დეკლარაციაში არ არის. თუმცა, დიდი ალბათობით, ნაკვეთები იგივე აქვს, მაგრამ ფართობია დაზუსტებული და შეცვლილი. ასევე 2013-2021 წლების დეკლარაციებში ცალკე ქონებად აღნიშნულია 148 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. ამ შემთხვევაშიც, ბოლო დეკლარაციაში ერთ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა დგას, რომელზეც ფართობი მიწერილი არ არის და დიდი ალბათობით, წინა წლების დეკლარაციებში ცალკე აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ბოლო დეკლარაციაში მიწის ნაკვეთთან ერთადაა მითითებული.

2013 წლის დეკლარაციით, მეუღლის სახელზე გაფორმებულია 4 უძრავი ქონება. მათგან ამბროლაურში, ჭავჭავაძის შესახვევში მდებარე ორი უძრავი ქონება ყველა დეკლარაციაში გვხვდება. პირველი დეკლარაციით, მაგდანა ვაჩაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ასევე ფლობდა 600 კვ.მ-ისა და 650 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთებს. ეს ბოლო ორი მიწის ნაკვეთი 2019 წლის დეკლარაციაში უკვე აღარ ფიქსირდება. გაყიდა, გააჩუქა თუ სად წავიდა ეს უძრავი ქონება,  გაურკვეველია.

2019 წლის დეკლარაციიდან უკვე ის მონაცემებია აღნიშნული, რაც ბოლო დეკლარაციაში, მათ შორის, ჩნდება 2014 წელს თბილისში ნაყიდი ბინაც.

2013-2018 წლებში საგანელიძეს ჰყავდა ავტომანქანა mercededes c 200, რომელიც 6 400 აშშ დოლარად უყიდია. 2019 წლის დეკლარაციაში ავტომანქანა უკვე აღარ წერია. სად წავიდა ეს მოძრავი ქონება, ამის ჩაწერა საკრებულოს თავმჯდომარეს, რატომღაც, დავიწყებია.

პირველ, 2013 წლის დეკლარაციაში ასლან საგანელიძეს ხელფასის შესახებ გრაფა ცარიელი აქვს. შემდეგ, 2014 წლის დეკლარაციაში წერია, რომ მან გამგებელის თანამდებობიდან 2013 წელს 26 500 ლარის შემოსავალი მიიღო. ამ დროს ის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

2014 წელს ის თვითმმართველი ქალაქის – ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2017 წლის ნოემბრამდე. შემდეგ თვითმმართველი ქალაქი გაუქმდა. 2014-2017 წლებში ჯამში 141 467,3 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული: 2014 წელს – 35 485.80 ლარი; 2015 წელს – 38 494 ლარი; 2016 წელს – 33 550 ლარი; 2017 წელს – 33 937,5 ლარი.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საგანელიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა 2018 წლის აპრილამდე და ამ 4 თვეში მას მოადგილის პოსტიდან 7 650 ლარის შემოსავალი მიუღია.

2018 წლის აპრილში, საკრებულოს თავმჯდომარის გარდაცვალების შემდეგ, ამ თანამდებობაზე საგანელიძე აირჩიეს და 2018 წლის 12 აპრილიდან დღემდე საკრებულოს ხელმძღვანელობს. 2021 წლის დეკემბერში ის უკვე მეორე ვადით აირჩიეს თავმჯდომარის პოსტზე. 2018-2021 წლებში თავმჯდომარის თანამდებობიდან ჯამში 113 082,94 ლარის შემოსავალი მიუღია: 2018 წლის აპრილიდან წლის ბოლომდე – 25 121 ლარი; 2019 წელს – 27 179,61 ლარი; 2020 წელს – 33 599,93 ლარი; 2021 წელს – 27 182,4 ლარი.

ასლან საგანელიძეს 2013-2015 წლების დეკლარაციაში ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიც აღუნიშნავს. 2013 წელს 5 600 ლარის შემოსავალი მიუღია; 2014 წელს – 15 000 ლარის შემოსავალი; ხოლო 2015 წელს – 13 000 ლარის;

ასევე 2018-2019 წლების დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ ახალი ვენახის გაშენებისთვის -3 500 ლარი დაუხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე საკმაოდ ბევრ მიწის ნაკვეთს ფლობს, დეკლარაციებში სოფლის მეურნეობიდან მიღებული სხვა შემოსავლები არ უწერია.