ჯაფარიძე: ნაკლები მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ უახლოეს პერიოდში მეხუთე რაუნდი ჩაინიშნება

470

პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჩანიშნული არ არის, რადგან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კონსენსუსი მიუღწეველია. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს ასევე ხელისუფლების „სადამსჯელო ღონისძიებები“, რაც დაფინანსების შეწყვეტას და რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს ეხება.

„ამ მომენტისთვის მეხუთე რაუნდი ჩანიშნული არ არის. მთავარი საკითხი არის ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით შეთანხმება, ამ წუთას ამის პერსპექტივა არ ჩანს იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის მზაობა ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯისთვის. ჩემი აზრით, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოლოდინი ნაკლები უნდა გვქონდეს, რომ უახლოეს პერიოდში მეხუთე რაუნდი ჩაინიშნება. პლუს ის ნაბიჯები, რომელიც ახლა იდგმება მმართველი ძალის- „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც გულისხმობს სანქციებს, სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებს იმ პარტიების მიმართ, რომლებიც დღევანდელ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, აბსოლუტურად არ ეხმარება მოლაპარაკებების პროცესს. პირიქით, მხარეებს შორის უფრო მეტ უნდობლობას აჩენს, მეტად ზრდის დაპირისპირებას. ეს არის ძალის სრულიად არასაჭირო დემონსტრირება ამ ვითარებაში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაც შეაფასა, რომლის აზრით, „რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს“.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, ოპოზიციის პროტესტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმისაა.

„ჩვენ გვაქვს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა, რადგან სხვა სახელისუფლებო ბერკეტები ამ წუთას სრულად არის „ქართული ოცნების“ ხელში. ოპოზიცია ვალდებულია თავისი ამომრჩევლის ნება გამოხატოს და დაპირება შეასრულოს. ამომრჩევლებთან შეხვედრისას მათ ვპირდებოდით, რომ დავიცავდით ხმებს. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რატომაც ვართ ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ დიალოგი გვსურს და მზად ვართ. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ. თუმცა, ჩემი აზრით, ხელისუფლების ნაბიჯებს სხვა მიმართულებით მიჰყავს პროცესი, კიდევ უფრო მეტად დაპირისპირების გაზრდისკენ. ვგულისხმობ მუქარას რეგისტრაციიდან გაუქმებასთან, პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. არ მესმის, რას ემსახურება ეს ყველაფერი“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას ცდილობს, რაც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში არასაჭიროა. ბადრი ჯაფარიძის ვარაუდით, სავარაუდოდ, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო დამყოლს გახდის ოპოზიციას, რაც ასე არ არის.

„ხელების გადაგრეხვით პარტიების პარლამენტში შეყვანა კრიზისიდან გამოსავალი არ არის, ეს ვერც მოხდება. ძალდატანებით შეიძლება რამდენიმე პოლიტიკოსი „გატეხონ“ და შეიყვანონ, მაგრამ ეს ხომ არ არის ამოცანა?! ამოცანა არის, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახერხოთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.