უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარუდგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
„ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის განხილვისათვის ვადა 25 დეკემბრამდე განესაზღვრა. უმაღლესი საბჭოს წევრის – დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი პროექტით, რეგლამენტში სიახლე პეტიციას უკავშირდება.
ამავე სხდომაზე იმსჯელეს და დაამტკიცეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის დებულება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.