ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 151 მილიონი ლარით განისაზღვრა

382

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 151 მილიონი ლარით განისაზღვრა, დღეს საკრებულომ ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებს 2021 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა გააცნო.

ბათუმის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 68 მილიონ 226 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით – 15 მილიონ 909 ათასი ლარი. 45 მილიონ 900 ათასი ლარი ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატა, რომელიც ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი.

„2021 წელს მთლიანი ასიგნებებით 151 მილიონი დაიხარჯება ბათუმისთვის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება – ინფრასტრუქტურული, სადაც მასშტაბური პროექტები განხორციელდება, ჯანდაცვისა და სოციალური. ბიუჯეტის გაზრდა ამ მიმართულებებით განპირობებულია ერთის მხრივ, კაპიტალური ტრანსფერის საფუძველზე, რომელიც 1 მილიონ 900 ათასი ლარით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ხოლო მეორეს მხრივ – შემოსულობებით. 2021 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეებსა და ბათუმზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რომელიც პასუხობს COVID 19-ის გამოწვევებს“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.