„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შედგება, თუმცა ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენ დასავლელი პარტიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი საკმაოდ მკვეთრი გზავნილი დავინახეთ. შეგახსენებთ ევროკავშირის ელჩის, ამერიკელი სენატორების განცხადებას ბატონი კობახიძის დაანონსებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. ასევე, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგელების განცხადება, რომ ამ კვირაში სავარაუდოდ, ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. შესაბამისად, დრო შეთანხმდება და მორიგი რაუნდი შედგება“-განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ვარაუდით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ კვირაში გაიმართება.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეთანხმების სივრცე არსებობს, რადგან ძალიან ბევრმა პარტიამ განაცხადა, რომ რევოლუციურ და ძალადობრივ სცენარს ემიჯნებიან.