მეგრელიშვილი: მოლაპარაკებების მაგიდაზე ორი თემაა, რაზეც „გირჩსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის არაა თანხმობა

562

საჯარო დისკუსია უნდა დაიწყოს იმის შესახებ, თუ რაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან, ეს დაფარული არ უნდა იყოს,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის საკითხები, რაზეც „გირჩის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციები განსხვავდება.

„ოპოზიციას ყველაზე მეტად აინტერესებს „გირჩი“ რატომ არ წერს განცხადებებს, მე კიდევ ვუმტკიცებ, რომ ეს მეათეხარისხოვანია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გვიდევს მაგიდაზე. მაგალითად, რაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, ეს ქვეყნის მოსახლეობამ არ იცის, ამიტომ საჯარო დისკუსია უნდა დაიწყოს იმის შესახებ, თუ რაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან, ეს დაფარული არ უნდა იყოს, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს როგორია თითოეული პარტიის პოზიცია ამ მოლაპარაკებების დროს. აქამდე ეს იფარებოდა და მე მგონი ვეღარ დაიფარება. მოლაპარაკებების მაგიდაზე ორი თემაა, რაზეც „გირჩსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის არაა თანხმობა. განსხვავებული მოსაზრებაა იმაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა საარჩევნო სისტემა და რამდენად მნიშნველოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლა, შეიძლება თუ არა მისი გაცვლა ვადამდელ არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა უნდა გახდეს საჯარო მსჯელობის საგანი და ამომრჩეველი მიგვახვედრებს ვინ უფრო მართალია. თუ ოპოზიცია მოიპოვებს ვადამდელ არჩევნებს მოლაპარაკებების დროს, „გირჩი“ ამისი წინააღმდეგი არაა. უბრალოდ ჩვენ ვთხოვთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ იმაში დაგვიჭირონ მხარი, რაშიც ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ პროპორციულ, უბარიერო სისტემაში დღეიდან, რაც მართლაც ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო, მაგრამ ეს საკითხი არაა აქტუალიზირებული, თითქოს პლებისციტი და ვადამდელი არჩევნებია მთავარი და მე ვიძახი, რომ არაა ასე. თითქოს თავდაპირველი მოთხოვნის მძევლები ვართ და არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, იქნებ ეს უფრო მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მან.