ოქრუაშვილი: არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა! – არ ვიმუქრებით, „კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო“

1062

არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა! – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა გაიმართოს – როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები.

„საერთოდ მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ა.შ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, თუ ვინმე გადაწყვეტილების მიმღებია რაიმე საკითხზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა! ეს ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, ბუნებრივია, არ იქნება მშვიდობა. არ ვიმუქრებით, „კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო“. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, უკეთესი და ღირსეული წარმატებული შვილების კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ნათლად და ცხადად დანახვა. ა დამიანებს სჭირდებათ ძალიან ცხადი საკუთარი მომავალი, დღეს მომავალს ვერ ხედავენ.

მე-5 რაუნდს რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოხდა სიების ჩახსნა. შესაბამისად, საუბრის გაგრძელება იმაზე, რომ შემოდით პარლამენტში, მე-5 რაუნდის დროს ლოგიკას და აზრს კარგავს. მე-5 რაუნდი უნდა გაგრძელდეს იმასთან დაკავშირებით, როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.