კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, შეჯერებული პოზიცია არ არსებობს, აქ განხილული იყო სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია უახლოეს და გრძელვადიან პერიოდში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა იმყოფება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსასვლელად მრავალპარტიული პარლამენტია საჭირო.
„ეს კრიზისი აისახება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. პირველ რიგში ეკონომიკაზე, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო უმძიმეს მდგომარეობაშია. ამ მასშტაბის კრიზისის დაძლევა არც ერთ პოლიტიკურ ძალას მარტო არ შეუძლია, ამას სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი. ქუჩის პროტესტი არ გაინიხილება პანდემიის გამო. ოპოზიცია ყველა ლეგიტიმურ ფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას დავანახოთ ახალი არჩევნების უალტერნატივობა. ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკებების მცირე ფანჯარა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული. ჩვენ მოცემულ მომენტში სრულ მზადყოფნაში ვართ, რომ ეს შეთანხმება შედგეს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დრო რჩება, ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი იმის, რომ ეს პოლიტიკურ კრიზისი დავძლიოთ ერთობლივად. როცა ეს შესაძლებლობა ჩაიკეტება, ბუნებრივია, სხვა შესაძლებლობებსა და ალტერნატივებზე მსჯელობა ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ. რაც შეეხება ბლოკის შექმნას, ჩვენ არანაირი ბლოკის შექმნის შესახებ მსჯელობაში არ ვმონაწილეობთ. ჯერ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაა საჭირო“, – განაცხადა ბუაძემ.