ქუთაისში საახალწლო ღონისძიებებისთვის სამზადისი ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველა ღონისძიება გაუქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბრის ღამეს ქალაქში საზეიმო განწყობა არ იქნება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ქუთაისის მერიამ შეწყვიტა 15 865 ლარიანი ტენდერიც, რომლითაც ახალი წლის ღამისთვის ფოიერვერკის შეძენა იგეგმებოდა. ღონისძიებების გაუქმების მიზეზად პანდემია სახელდება.
თვითმმართველობაში ახლა ერთადერთი საზრუნავი დარჩათ – გასანათებელი მოწყობილობების მონტაჟი და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის გაწყობა. ნაძვის ხის გასაწყობად მერიამ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უკვე გააფორმა სამი ხელშეკრულება, ჯამში 14 705 ლარის ღირებულების. ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისმა” კი ელექტრონათურებისა და გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 128 882 ლარს შეადგენს. აქედან მერია 4950 ლარს მხოლოდ დიზაინერს უხდის, რომელმაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხე უნდა მორთოს.
გაუქმებული ღონისძიებებისა და შეწყვეტილი ტენდერის ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლო სამზადისისთვის მაინც სოლიდურ თანხას ხარჯავს. ქუთაისის მერიას ახალი წელი ფოიერვერკისა და კონცერტის გარეშე 143 587 ლარი დაუჯდება.