საახალწლოდ შემცირებული ნობათი გაჭირვებულებს და ოპოზიციის კრიტიკა ლაგოდეხის მერს

103

ლაგოდეხში მუნიციპალიტეტის მერია გაჭირვებულ მოსახლეობას ხორც-პროდუქტებითა და ბურღულეულით აღარ დაეხმარება. ნობათი, რომელიც საახალწლოდ ადგილობრივებს უნდა გადაეცეს, მხოლოდ ტკბილეულისგან შედგება. ამის შესახებ სტატიას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

სასაჩუქრე პაკეტში, ასაწონი შოკოლადი სუფლეთი, არანაკლებ 500 გრამისა, ასაწონი შოკოლადი, სნიკერსისმაგვარი, არანაკლებ 500 გრამისა, კრუასანი, არანაკლებ 60 გრამისა, ნამცხვარი რულეტი, არანაკლებ 190 გრამისა, ვაფლის ტორტი, არანაკლენ 250 გრამისა, კაკლის გოზინაყი, არანაკლებ 280 გრამისა და ერთ ლიტრიანი, მუყაოს შეფუთვიანი, ხილის წვენი შედის.

მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 54. 675 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული, მრავალშვილიანი შეჭირვებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 1500 ოჯახისათვის, საახალწლო ტკბილეულს შეიძენს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლაგოდეხის მერს აკრიტიკებენ.

პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გიორგი ენუქიძე ფიქრობს, რომ ლაგოდეხის მერი, საახალწლოდ, საკუთარი მხარდამჭერებს დააჯილდოვებს და მიზერული დახმარებებითაც, მხოლოდ საკუთარი თავის პოპულარიზაციას ცდილობს.

“2019 წელს, ამაზე მეტი, მერმა სახალწლო ღონისძიებებზე დახარჯა და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, ამ სიდუხჭირის ფონზე, 36 ლარია საკმარისი? ოთხი წელია ვუყურებ, როგორ მუშაობს მხოლოდ საკუთარ პიარზე. გამოვლენ, მერე და ამ მიზერულ პაკეტზე იტყვიან, რა ყურადღებიანი კაცია, მდივნიშვილი. მგონია, რომ ეს მცირედიც, საკუთარი მხარდამჭერებისათვის ექნება განსაზღვრული. მე კარგად ვიცნობ აქაურების მდგომარეობას და ამაზე მეტი გაჭირვებული არ არის ლაგოდეხში? ან ეს რა ნობათია, ნახევარი კილოგრამი შოკოლადი და ერთი ლიტრი ხილის წვენი?“ – აღნიშნავს ენუქიძე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ევა ლომთაძე ამბობს, რომ უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისათვის, ფაქტიურად, 36 ლარიანი დახმარება, მიზერულიც კი არ არის.

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პროცესი გამჭვირვალე არ არის. რამდენჯერმე მივმართეთ მერიას წერილით, განმარტონ რის მიხედვით არჩევენ ოჯახებს. ორი კვირის წინ, კიდევ მივმართეთ და პასუხი დღემდე არ გვაქვს. გარდა ამისა, პანდემიისა და ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, როცა ამდენი ადამიანი სამსახურს კარგავს, 36 ლარიანი ახალი წელი როგორ წარმოუდგენიათ? ან საახალწლოდ, გაჭირვებულებს, საკვები პროდუქტი არ სჭირდებათ? სამწუხაროდ, მერია კითხვებზე პასუხს არასოდეს გვაძლევს” -განაცხადა ლომთაძემ, რადიო ჰერეთთან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის , ნატო ბატიაშვილის ინფორმაციით, გაჭირვებული ოჯახები, სოციალურ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეირჩა.

„პოლიტიკური ნაწილი, აქ სრულიად გამორიცხულია. ოჯახები შევარჩიეთ, სოციალურ მონაცემთა ბაზისა და ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით,“- განაცხადა ბატიაშვილმა.

ოპონენტების ბრალდებებს არ ეთანხმება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკას, მან უსაფუძვლო უწოდა.

“ეს არის სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა. მე მათ არ ვუპასუხებ, რადგან საკუთარი დღის წესრიგი აქვთ. უმჯობესია, ის დრო გაიხსენონ, რას აკეთებდნენ, როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იმ დახმარებითაც სარგებლობს, რასაც მთავრობა ახორციელებს. იცით, რომ თითქმის მილიარდიანი დახმარება უნდა გაიცეს, ოთხი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ცალკე ვაპირებთ დავეხმაროთ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. გეთანხმებით, ახლა ამ პაკეტში, მხოლოდ ტკბილეულია, მაგრამ საახალწლოდ, ტკბილეული პროდუქტის აუცილებელი ნაწილია. იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია,” – განაცხადა მდივნიშვილმა.

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, სადაც ტენდერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, ერთ- ერთმა მიმწოდებელმა, ეჭვი გამოთქვა, რომ ტენდერი მორგებული და წინასწარ გარიგებულია, კონკრეტულ იურიდიულ პირთან.

წინადადებების მიღება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საახალწლო ტკბილეულის შესყიდვაზე, 18 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

2019 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საახალწლო ღონისძიებებისათვის, თითქმის 40 ათასი ლარი დახარჯა. საახალწლო კონცერტის მონაწილეებისათვის გათვალისწინებული, 22 ათასი ლარის ოდენობის ჰონორარი, მერიამ ცალკე გადაიხადა.