ხაზარაძე: თუ შეთანხმება არ მოხდა, არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ

334

ევანშისტული, რევოლუციური და ამ ტიპის სცენარები ჩვენი ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ. თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ამით ხაზარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და საკუთარი და თავისი თანაგუნდელების პოზიცია დააფიქსირა.

ხაზარაძის განმარტებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმება უნდა მოახერხოს.

“ლელო” ყოველგვარ რევოლუციურ მოწოდებას ემიჯნება. მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ყოველგვარ რევოლუციურ და მსგავს მოწოდებებს ვემიჯნებით ახლავე. „ლელო” არის ძალიან მყარად იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც იდგა – რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ვიპოვოთ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სახელმწიფოს სტაბილურობას მოუტანს. არ უნდა მოხდეს ის, რომ ოღონდ ახლა შემოდით პარლამენტში და შემდეგ ვილაპარაკოთო. არა, ეს უნდა იყოს სამართლიანი შეთანხმება და კომპრომისი, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან”, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ის განმარტავს, “რევოლუცია” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან ყველამ, რადგან ამ ქვეყანას რევოლუცია საბოლოოდ დაღუპავს.

“რევანშისტული, რევოლუციური და ამ ტიპის სცენარები უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან. უნდა ვეცადოთ, რომ ამ დარჩენილ დროში მოვახერხოთ შეთანხმება. თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ. ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, ისევე, როგორც ვეწინააღმდეგებით დღეს, ამ ძალიან მძიმე მოლაპარაკებების ფონზე, ელჩებზე თავდასხმას. რაც შეეხება იმას, თუ სად ვიქნებით ჩვენ, მოგახსენებთ, რომ ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან პარლამენტის გარეთ და მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა დაეკისრება ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც იქნება სირცხვილი ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის და პარლამენტარიზმის ისტორიაში, იქნება სირცხვილი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, იქნება ქმედუუნარო და არალეგიტიმური”, – განაცხადა ხაზარაძემ.