მეგრელიშვილი: როგორც კი 38 დეპუტატი იტყვის უარს მანდატზე, გირჩის მინიმუმ სამი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს

367

როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ,- აღნიშული განცხადება მედიაცენტრ „მთავარში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, შექმნა ისეთი რეალობა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს. თუმცა მეგრელიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ის გაგრძელდება, კითხვის ისმის შემდეგნაირად -არის თუ არა შანსი, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად ქვეყანამ მიიღოს უფრო მნიშვნელოვანი შედეგი, ვიდრე ეს ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებაა.

„მაგიდაზე დევს, უხეშად რომ ვთქვათ, 4 წინადადება. ერთ წინადადება არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთან დაკავშირებითც არ არსებობს განსხვავებული აზრი, შესაბამისად, პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკება გრძელდება, მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. მეორე საკითხი არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი. ეს საკითხი უმრავლესობისთვის არის მთავარი საკითხი, გარდა „გირჩისა“. „გირჩი“ ამ მოლაპარაკებებში როდესაც ჩავერთეთ, ვთქვით, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში. მესამე საკითხი, რომელიც დევს მაგიდაზე, ეს არის, როგორ არ უნდა მოიპარონ შემდგომში არჩევნები ანუ როგორ უნდა გამოსწორდეს ცესკო ისე, რომ მისი ნდობა იყოს შესაძლებელი. მეოთხე საკითხი არის პროპორციული არჩევნები ყველა დონეზე და ყოველთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საპარლამენტო. ეს საკითხი, ჩვენ ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებსა და პლებისციტს. საქმე ის არის, რომ მეოთხე საკითხთან მიმართებით, წინადადება არის არასრულფასოვანი ანუ ბოლომდე ისეთი არ არის, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით შევხვდებოდით, ამ წინადადების მიხედვით, ბარიერი კვლავ იარსებებს 3%-იანი, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები უფრო პროპორციული გახდება, 40/10 -ზე სქემაა შემოთავაზებული თბილისის საკრებულოში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებდით სრულად პროპორციულ არჩევნებს, გამოვიდოდით და ღიად ვიტყოდით, რომ პროპორციული არჩევნების დადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის გაუგებარი პლებისციტი ან ასეთ კრიზისულ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება,“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.