“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, სანამ ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე არ დააყენეს საკითხი ISFED-ის პარალელურ გადათვლაში არსებული ხარვეზების შესახებ, მანამდე ორგანიზაციის დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ “არ იკადრა” და არ გაამჟღავნა ინფორმაცია.
“თქვენ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ მე ვიცი არითმეტიკა, განსხვავებით ელენე ნიჟარაძისგან. არითმეტიკის სწავლა დავამთავრეთ მე-3 კლასში, მერე იწყებ უკვე მათემატიკის სწავლას. არითმეტიკული გაანგარიშებით დავადგინე, რომ PVT-ში იყო უხეში ხარვეზი, იმიტომ რომ ყველა პარტიას დამჯდარი ჰქონდა მინუსი, რაც ზღაპარია. ამის საფუძველზე ერთი თვე ვითხოვდით ჩვენ ამის აღიარებას და ვიდრე ელჩებთან არ დავაყენეთ საკითხი, მანამდე არ იკადრა ელენე ნიჟარაძემ და არ გაამჟღავნა ეს იფორმაცია, სამარცხვინოა ეს ყველაფერი”, — განაცხადა კობახიძემ.
11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ შეიცვალა.
“სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.