ნაცვლიშვილი: ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ, მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის

370

ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ. მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ რეალობას გაიაზრებს, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის პერსპექტივები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ სურს, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იყოს, რათა ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგას.

„ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ არ იქცევა სწორად, გამჭვირვალედ და ცდილობს, მაგიდის ქვეშიდან შეაცუროს იდეები. ამავე დროს, მოლაპარაკების პარალელურად, დაემუქროს ოპონენტებს დაჭერით, პოლიტიკური ანგარიშსწორებით და ასე შემდეგ. ჩვენ ვრჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით მოგვწონს მეორე მხარე, ვისაც ველაპარაკებით, ან არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ „ქართული ოცნება“ კეთილგონიერების რესურსს აღმოაჩენს საკუთარ თავში, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს სამშობლოს მივცეთ შანსი იმისა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იყოს და ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი. პოლიტიკურ ჩიხში შესული ქვეყანა წინ ნაბიჯს ვერ გადადგამს. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოლაპარაკების მაგიდა შემდგარიყო, რომ მიგვეცა ხელისუფლებისთვის მათ შორის დრო, როდესაც ისინი უკვე აშკარად და მკაფიოდ დაინახავდნენ იმ სურათს, რომელიც 11 დეკემბერს დაინახეს.

ეს არის ერთპარტიული და ერთფრაქციული პარლამენტი, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ სახელმწიფოსთან, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ ის არის დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფალი. იმედი გვაქვს, რომ ეს სურათი მოახდენს ფიქრის მობილიზებას „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ. მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ რეალობას გაიაზრებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.