ბაქრაძე: ეს პარლამენტი ვერცერთ ძირითად ფუნქციას სრულფასოვნად ვერ შეასრულებს

475

ეს პარლამენტი პარლამენტის ვერცერთ ძირითად ფუნქციას სრულფასოვნად ვერ შეასრულებს და ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც ქვეყანაში გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობის შეფასებისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

მისი განმარტებით, წარმომადგენლობითი ორგანო გულისხმობს, რომ ის უნდა წარმოადგენდეს ხალხს და უნდა წარმოადგენდეს პოზიციების იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ამომრჩეველსა და ქვეყანაშია.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტი, სადაც არის ერთი პარტია, განსაზღვრების მიხედვით ვერ იქნება წარმომადგენლობითი ორგანო.

„ეს ვერ იქნება პარლამენტი, რომელიც წარმოადგენს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება. ეს ვერ იქნება პარლამენტი, სადაც იქნება პოლიტიკური დებატები და განსხვავებული აზრების, თუნდაც, მწვავე დაპირისპირება, რაც კიდევ ერთი ფუნქციაა პარლამენტის. ეს იქნება პარლამენტი, სადაც ვერ მოხერხდება მთელი რიგი კანონების მიღება. ვერ შეძლებს ვერც მთავრობის ზედამხედველობას, რადგან მხოლოდ ერთი პარტიაა, რომელიც თვითონ აკონტროლებს მთავრობას, თვითონ ქმნის მთავრობას და თვითონ არის მთავრობის ნაწილი. ამიტომ პარლამენტის ვერც ერთ ძირითად ფუნქციას ეს პარლამენტი სრულფასოვნად ვერ შეასრულებს და ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც ქვეყანაში შექმნა გაყალბებულმა არჩევნებმა,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ავტომატურად იმას, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირების ვადა კანონით დადგენილზე ნაკლები იყოს, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება ავტომატურად ამას არ ნიშნავს.

„არსებობენ მთელი რიგი ქვეყნები, სადაც არიან ერთპარტიული პარლამენტები. ქვეყანაში, სადაც ერთპარტიული პარლამენტი ერთი სრული ვადით ძლებს, როგორც წესი, მეორე ვადით მრავალპარტიული პარლამენტი აღარ აირჩევა და რჩება ერთპარტიულ ქვეყნად. ამიტომ, მე, ნამდვილად, არ მემეტება საქართველო, რომ ასეთი ქვეყნების რიცხვში იყოს და იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ და რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ყველა ერთად ამ ქვეყანაში მივაღწევთ ნორმალური, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ნორმალური პარლამენტის არჩევას, როგორიც ეკადრება საქართველოს – მრავალპარტიული, განსხვავებული შეხედულებებით, მწვავე, მაგრამ მრავალპარტიული პარლამენტის არჩევას, როგორიც სჭირდება ქვეყანას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ამ დროისთვის საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით,ხუთმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა.