ყველა გადის ინდივიდუალურ და კოლექტიურ გამოცდას ახლა. არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ამიტომ ყველა გააკეთებს თავის არჩევანს – მე ვარ პოლიტიკური დარვინიზმის მომხრე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში არ შესვლით მოიპოვა ბერკეტი, რომელიც არის ქუჩა.
„ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ბერკეტი მაშინ აღარ ექნებოდა, ახლა ბერკეტი გვაქვს.ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. დემოკრატია დაიბადა ათენის და რომის ქუჩებში – ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის – დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. დიდი სიამოვნებით „ქართული ოცნების” დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოსთან დაკავშირებით. ოპოზიციამ დღეს მოიპოვა ძალიან სერიოზული ტაქტიკური გამარჯვება იმიტომ, რომ თვენახევრის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ყველა ადამიანური სისუსტე იმ კორპუსის მიმართ, რომელიც არის ოპოზიციაში, მაგრამ ფაქტი სახეზეა, პირველი სესია მეათე პარლამენტმა გახსნა ცალფეხამ და ხეიბარმა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.