რა რეკომენდაციები აქვს ხარაგაულის საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე

491

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ფორმირების ბოლო ეტაპზეა. მერიამ საკრებულოს შენიშვნების უმეტესობა გაითვალისწინა და 10 დეკემბერს, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დაუბრუნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას:

1) საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისთვის დაიხარჯოს მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი და ამ მიმართულებით დამატებითი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ დახარჯონ, როგორც კანონი ითვალისწინებს;

2) ბიუჯეტი სრულად პროგრამული უნდა იყოს. აუცილებელია, მერიის სამსახურებმა ააიპ-ებთან ერთად სრულყოფილად შეიმუშაონ მუნიციპალური პროგრამები, კონკრეტული მოსალოდნელი შედეგების აღწერით;

3) სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება უნდა გაიზარდოს, ვინაიდან გამოყოფილ თანხაში არ არის გათვალისწინებული საღანძილეში ახალი საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯი, კიცხისა და ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღების შენობების გაზიფიცირება;

4) მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარებისთვის თანხის გაზრდა აუცილებელია. ბიუჯეტში პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებზე დახმარების კონკრეტული პროგრამა უნდა აისახოს, უსახლკაროების საერთო ან კერძო საცხოვრებლებით უზრუნველყოფისთვის დაფინანსება უნდა გაიზარდოს;

5) „სათნოების სახლის“ მომსახურების არეალი უნდა გაფართოვდეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში არაა დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიება, რომელიც ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოხსნის;

6) ბიუჯეტის პროექტში უნდა განისაზღვროს „გადაუდებელი რეაგირების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესები;

7) ბიუჯეტში გასათვალისწინებელია ნაგვის ბუნკერების შეძენად თანხის გამოყოფა. მერიამ უნდა გამოძებნოს გზები დამატებითი ნაგვის ბუნკერების შესაძენად;

8) აუცილებელია სოფლებში გარე განათების ქსელის გაფართოება;

9) სოფლის მეურნეობის დაფინანსება კონკრეტული ინიციატივების წარდგენის საფუძველზე უნდა გაიზარდოს;

ასევე უნდა გაიზარდოს დაფინანსება:
10) გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთებისათვის;
11) სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მოსაწესრიგებლად;
12) მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულების გასაზრდელად;
13) მიუსაფარი ცხოველების გადასაყვანად და მათი ინფექციური დამუშავებისთვის;

უნდა გამოიყოს თანხა:
14) ადმინისტრაციული შენობის გაზიფიცირებისა და საკონფერენციო დარბაზის მოსაწყობად;
15) ანეულაში სარიტუალო სახლის მშენებლობისთვის;
16) საკრებულოში გენდერული საბჭოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად;
17) საგარეუბნო მატარებელში – ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონი – მგზავრთა თერმოსკრინინგის ჩასატარებლად ორი თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვის.

საკრებულოსგან მიღებულ რომელ შენიშვნებს ითვალისწინებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელი მუხლების დაფინანსების გაზრდაა შეუძლებელი და რატომ – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში – ვარლამ ჭიპაშვილს ვესაუბრეთ. ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები სწორედ ვარლამ ჭიპაშვილის აქტიური ჩართულობითაა შემუშავებული – იმ დროს ის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო.

– საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა აღარ უნდა იხარჯებოდეს. თუმცა, პანდემიის პირობებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომ ახლა ამ კუთხით დაფინანსების გადახედვას არ ვგეგმავთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სავარაუდოდ, გაზაფხულზე მერია რეორგანიზაციას იწყებს. თანხების გამოთავისუფლებას ამ პროცესში ვეცდებით.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტი სრულად პროგრამული ვერ არის. თუმცა ააიპ-ებმა გარკვეული პროგრამების დაფინანსება დაასაბუთეს.

საბავშვო ბაღების დაფინანსება 74 ათასი ლარით გაიზრდება.

ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამაზე 60 ათასი ლარი იყო განსაზღვრული. ამ თანხას კიდევ 60 ათასი ლარი ემატება.

„სათნოების სახლის“ დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზრდება, – ეს თანხა სკუტერის შესაძენად და ბენეფიციართა კვების ხარჯებისთვის არის საჭირო. სათნოების სახლი დაბა ხარაგაულის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც უნდა მოემსახუროს.

სტიქიით დაზარალებულებისთვის განსაზღვრული თანხა, 60 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზრდება.

10 ათასი ლარიდან 20 ათას ლარამდე იზრდება „გადაუდებელი რეაგირების“ პროგრამის დაფინანსება. არიან მოქალაქეები, რომლებსაც ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ, რაც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით არ არის გათვალისწინებული.

კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას 50 ათასი ლარი ნაგვის ბუნკერების შესაძენად გამოეყოფა.

გარე განათების ქსელის გაზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში, წლებია, არ გაგვითვალისწინებია. 2021 წლის ბიუჯეტში 40 ათასი ლარით საჭირო მასალების შეძენა დაიგეგმება, ხოლო მუნიციპალური სამსახური „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ სამუშაოებს განახორციელებს. ამავე დროს, ცვლილება შევა ამ ააიპ-ის დებულებაში, რომ მას, გარე განათების ქსელის ექსპლოატაციასთან ერთად, ახლის გაკეთებაც დაევალოს.

გზების კეთილმოწყობა, ძირითადად, რეგიონული განვითარების, მუნიციპალური განვითარებისა და მთის განვითარების ფონდებიდან მოხდება. თუმცა, ადგილობრივ ბიუჯეტში გზების მოვლა-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულ 100 ათასი ლარის 120 ათას ლარამდე გაზრდას ვაპირებთ.

50 ათასი ლარით ვზრდით წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსებას და ამ კუთხით 2021 წლის ბიუჯეტში 100 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული.

ადმინისტრაციული შენობის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით თანხა ვერ მოვიძიეთ. პანდემიაა და პრიორიტეტად ეს საკითხი ვერ ვაქციეთ. რაც შეეხება საკონფერენციო დარბაზის კეთილმოწყობას, ეს პრობლემა, შესაძლოა, მოგვარდეს მერიისა და საკრებულოს კაპიტალური ხარჯებიდან.

ანიულაში სარიტუალო სახლის მშენებლობა გათვალისწინებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსების მუხლიდან. ამ ეტაპზე პანდემიაა და ასეთი სარიტუალო სახლები დატვირთული აღარ არის.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, 2021 წლის ბიუჯეტში ამ კუთხით 20 ათასი ლარია გათვალისწინებული, რითაც დამატებითი მიმართულებების დაფინანსება შესაძლებელია.

თუ საგარეუბნო მატარებლით მგზავრების გადაყვანა აღდგა, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის ცენტრის ორი თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება პრობლემა არ იქნება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, 2021 წლის ბიუჯეტში რელიგიის დაფინანსება 10 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე იზრდება, ახალგაზრდული პროგრამების – 10 ათასი ლარიდან – 20 ათას ლარამდე.