ხოშტარია: თუ ცალკეული ადამიანები გადავლენ ოცნებაში, ეს ოპოზიციის ერთიანობას არ დააზიანებს

383

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მე-10 მოწვევის პარლამენტის ხვალ დაგეგმილ პირველ სხდომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება პრლამენტში მარტო იქნება.

ხოშტარია ასევე პარლამენტში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების შესაძლო შესვლის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ თუ მსგავსი ფაქტები მოხდება, ეს ოპოზიციის ერთობასა და ბრძოლაზე გავლენას არ იქონიებს.

“ოპოზიცია ერთიანია. ცალკეული ადამიანების ოცნებაში შესაძლო გადასვლა არ არღვევს ერთიანობას. იმიტომ რომ არა ერთი პარტია დგას პრინციპულად ერთ პოზიციაზე. თავად იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, კერძოდ ალეკო ელისაშვილს უჭირს როგორც ჩანს, იმიტომ რომ თავს იმართლებდა, თან რაღაც აგრესიული ფორმით. ეს მისი საქმეა და მან უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, თუმცა ხვალ ჩატარდება აუცილებლად ერთპარტიული, ჩრდილოკორეული სხდომა. ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად უდიდესი მცდელობებისა ამ ერთიანობის რღვევა, მაინც ვერ მოახერხეს და მაინც იქნებიან ხვალ მარტო. თუ ცალკეული ადამიანები გადავლენ ოცნებაში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის ერთიან ბრძოლას არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს”, – განაცხადა ხოშტარია.

ალეკო ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა. პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნაც შესთავაზა. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ განიხილავს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია – აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეიკრიბება.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს.