ზუგდიდის მერია: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს

333

ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი და უნივერსიტეტის რექტორი, თეონა ხუფენია გაეცნენ.

გიორგი შენგელიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება 250 სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროფესიული სასწავლებელი.

„ზუგდიდში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით პროფესიულ სასწავლებელს ვაშენებთ, რომლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება 250 სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროფესიული სასწავლებელი. სასწავლებლის მშენებლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაქსიმალურად ხელშეწყობილი იქნება პროფესიული საგნები და მუნიციპალიტეტს ეყოლება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.

პროფესიული სასწავლებლის მნიშვნელობაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.

,,ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახვს ზუგდიდის პროფესიული სასწავლებლის უფრო მეტ გაძლიერებას. ამ სასწავლებელმა, რეალურად დაანახა ყველას, რომ შეუძლია ადეკვატური განათლება მისცეს ჩვენს ახალგაზრდობას. ასევე, მისასალმებელია ის, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და არა მარტო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები სარგებლობენ ამ პროფესიული სასწავლებლით. ხაზგასასმელია ის, რომ დევნილობაში მყოფი ჩვენი მოსახლეობა და ასევე, ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდები აქ სწავლობენ და იღებენ პროფესიას, ეძლევათ მათ საშუალება რომ უფრო მეტად განვითარდნენ. შემდგომშიც გავაგრძელებთ მუშობას, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ისე დონორ ორგანიზაციებთან, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევქმნათ ჩვენი ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამ ეტაპზე პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს.
პროფესიული კოლეჯისთვის ორ სართულიანი თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტის შენობა აშენდება.

სასწავლო აუდიტორიები გათვალისწინებული იქნება, საშუალოდ, 10-15 სტუდენტზე, ჯამში კი, პროფესიულ სასწავლებელში 250 სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას. პირველ სართულზე განთავსებული იქნება სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე რეკრეაციული სივრცე , რეპორტიორობის – ჟურნალისტიკის პროგრამები, ბუღალტერული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმის სასწავლო პროგრამა და სამასწავლებლო. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე, ნაწილობრივ, – კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალი და მზარდია.

სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.