“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება, იგი პოლიტიკიდან წავა. მან ასევე თქვა, რომ ასეთი გადაცდომის არსებობის შემთხვევაში, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.
მიისვე თქმით, საპარლამენტო კომისიას დეპუტატები მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე დააინიცირებენ.
“კომისიის მუშაობაში მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართული კომისიის მუშაობაში.
კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლით.
კომისიაზე თუ დაფიქსირდება 1%-იანი გადახრაც კი ქართული ოცნების სასარგებლოდ, გამოვაცხადებთ რიგგარეშე არჩევნებს.
გარდა ამისა, როგორც ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი, ვაცხადებ, რომ დავტოვებ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.
ამასთან, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს. მომდევნო და, სავარაუდოდ, გადამწყვეტი რაუნდი ხვალ, 10 დეკემბერს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაიმართება.