2021 წლის შესახვედრად სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა გასულ წლებში შეძენილ ნაძვის ხეებსა და მოსართავებს გამოიყენებს, სხვა სახის ღონისძიებებს კი არ გეგმავენ. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ახალი წლისთვის აქსესუარებს მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტი შეიძენს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მუნიციპალიტეტმა, წელს ახალი წლის შესახვედრად სამი ტენდერი გამოაცხადა, აქსესუარების და ტკბილეულის ყიდვასა და საახალწლო ღონისძიების უზრუნველყოფაზე.
ტკბილეულის ტენდერი არ შედგა, საახალწლო ღონისძიების კი თავად მუნიციპალიტეტმა პანდემიის მიზეზით შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ახალციხეს საახალწლოდ ახალი განათებები მაინც ექნება. ამ ეტაპზე 19 130 ლარიანი ტენდერი კომპანია „დანდიმ“ იგივე თანხით მოიგო, ახლა ხელშეკრულება ფორმდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები არ დარიგდება, ქალაქის ქუჩებსაც წინა წლებში ნაყიდი განათებებით მორთავენ. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის მიზერული თანხა დაიხარჯება.
იგივეს საუბრობენ ადიგენის, ნინოწმინდისა და ასპინძის მერიებშიც. აქ გვითხრეს, რომ ტერიტორიებს წინა წლის მოსართავებით და ნაძვისხით გააფორმებენ, ამისთვის კი მცირე თანხას დახარჯავენ.
რაც შეეხება ბორჯომს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა გვითხრა, რომ ისინი საახალწლოდ „ერთ თეთრსაც არ დახარჯავენ“.
„ყველაფერი რაც ძველი იყო ამ საახალწლოდ მაგას ვიყენებთ და ერთ თეთრი არ იხარჯება ბიუჯეტიდან. არც გაფორმებისთვის გადავიხდით თანხას, ჩვენ გვყავს ააიპ–ი „გარე განათება“, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტს და ისინი დადგამენ ნაძვის ხესაც და მორთავენ,“ – ამბობს ზაალიშვილი.