ბოკერია: ოპოზიცია არ აპირებს მოლაპარაკებების შეწყვეტას, ოპოზიცია აპირებს პროტესტის გაგრძელებას და განახლებას შესაბამის მომენტებში

331

ოპოზიცია არ აპირებს მოლაპარაკებების შეწყვეტას, ოპოზიცია აპირებს პროტესტის გაგრძელებას და განახლებას შესაბამის მომენტებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ ვიღაცები შევლენ პარლამენტში, ეს ივანიშვილს ვითარებას შეუმსუბუქებს მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკურად გაანადგურებს“.

„იდეა, რომელიც მედიის ნაწილს ან საზოგადოებას გაუჩნდა – რა აზრი აქვს მოლაპარაკებებს, როცა ვერ თანხმდებითო… მოლაპარაკებები ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ვერ თანხმდები. ოპოზიცია არ აპირებს მოლაპარაკებების შეწყვეტას, ოპოზიცია აპირებს პროტესტის გაგრძელებას და განახლებას შესაბამის მომენტებში. რაც დრო გავა, ეს პროტესტი მხოლოდ გაიზრდება და იქნება განგრძობითი. პარალელურად, მანამ, სანამ პერსონალურად ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვა არ შეიგნებს, რომ შეუძლებელია არსებული ვითარების შენარჩუნება და უნდა წავიდეს ახალ არჩევნებზე, გნებავთ პლებისციტის გზით, გნებავთ პირდაპირ, მანამდე გაგრძელდება ჩვენი მცდელობა ყველა ლეგიტიმური მეთოდით და მოლაპარაკებები ერთ-ერთი ლეგიტიმური მეთოდია“, – განაცხადა ბოკერიამ.