პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მისთვის მისაღები შეთანხმება შედგება, პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვის.
როგორც ელისაშვილმა Facebook ლაივში თქვა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ყველა მოქალაქე ენდობა. :
“რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნებს ვენდობოდეთ. მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პატივსაცემი ადამიანი. მინდა ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრებიდან, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია გვქონდეს, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ამისთვის ვიბრძვი მე პირადად.
მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ ეს გამოვიტანოთ – საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. ეს არის ეროვნული ამოცანა. პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქედან ეს დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს რომ გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, არც შევდივარ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს.
რთულად მივდივართ წინ, მაგრამ მე მჯერა, რომ იქიდან გამოვალ საქართველოს მომავლით. ისეთი საარჩევნო სისტემით და საარჩევნო წესებით გამოვალთ, რითაც ქვეყანა ამოისუნთქებს. მარტო ეს რომ გავაკეთო და მოვიპოვო მოლაპარაკებითაც, ჩხუბითაც პოლიტიკაში ყოფნით და მეტი არაფერი გამომივიდეს, ამით მთელი ცხოვრება კმაყოფილი და ბედნიერი ვიქნები. ამით თუ გამოვალ შევალ პარლამენტში და ნუ გამოიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით იმისთვის რომ პარლამენტში შევსულიყავით და შეგვესრულებინა ის, რასაც ხალხს ვპირდებოდით“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის შესვლის სანაცვლოდ ფული არ აუღია “ასეთი რამის შეთავაზებას ვერც ვერავინ გაუბედავს”.
„რა თქმა უნდა. არანაირი ფული არ ამიღია. ვინ გამიბედავს? ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრებს იქიდან. არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ კარგად იცის და ამიტომაც ამაზე არავინ არც დამელაპარაკება“, – თქვა ელისაშვილმა.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის არჩევნებმა განაპირობა – ოპოზიცია მის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად ხელისუფლებას პლებისციტსაც სთავაზობს, რაც ხელისუფლებისთვის ასევე მიუღებელია.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს. გაიმართა 4 რაუნდი, თუმცა, უშედეგოდ. ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას თანხმდება, ოპოზიციის უმეტესი ნაწილისთვის კი ეს პირობა არასაკმარისია, ვინაიდან რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უპირველესი მოთხოვნაა.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, პარლამენტის შეკრების დღეს ოფიციალურად განაცხადებენ უარს სადეპუტატო მანდატებზე.
თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.