ვაშაძე: “სტრატეგია აღმაშენებელი” შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს

316

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარდა მოლაპარაკება ეხება საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების სისტემას.

„არის ახალი საკითხები რაც დაისვა, კვლავ დგას რიგგარეშე არჩევნების საკითხი, კვლავ დგას პოლიტპატიმრების საკითხი. სიახლეები არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, საპარლამენტო არჩევნების სისტემა და თვითმმართველობის არჩევნების სისტემა, თუმცა იქაც არ არის შეთანხმებული ეს საკითხები ბოლომდე, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ მოდერატორები, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს. მთავარია, რომ პროცესი მიდის, არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე მივიღოთ პროცესებში მონაწილეობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით უტიფარი სპეკულაციები გავრცელდა და მისი პარტია თავისი გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

„პარლამენტში შესვლას და იმ უტიფარ სპეკულაციებს, რაც დღეს დაიწყეს, ვუპასუხებ, რომ პარლამენტში შესვლას შეთანხმების გარეშე არ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც განვიხილავთ და პირველივე დღიდან ამას ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე. იმედი მაქვს, რომ იქნება შეთანხმება თუ არ იქნება შეთანხმება, არ იქნება შეთანხმება, რა ვუყოთ?! ერთი რამ შემიძლია საჯაროდ ვთქვა, რომ საუბარია როგორც საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, ასევე თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, ასევე საარჩევნო რეფორმებზე. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.