აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შევიდეს პარლამენტში, პარლამენტი აამოქმედებს მექანიზმს და მათ გადაწყვეტილების შესაცვლელად მეტ დროს მისცემს:
“მანდატების დათმობა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს არ შემოვიდეს პარლამენტში, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ, ანუ ჩვენ მეტ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს იმისათვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. მათ არ შეუწყდებათ სადეპუტატო უფლებამოსილება, ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში”, – თქვა მან.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა პარტია მოაწერს ხელს შეთანხმებას და შევა პარლამენტში, თუმცა, ამასთანავე აღნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში უმრავლესობა პარლამენტში მარტო იჯდა და შესაძლებელია, რომ ეს ისევ გაგრძელდეს:
“ერთ წელიწადზე მეტი ისედაც გაატარა პარლამენტმა მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლესობა. იგივე შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პარტიების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომელზეც საუბარია ელჩების თანდასწრებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პარასკევს ყველა პარტია იქნება შეკრებილი პარლამენტში”. – თქვა მან.