უგულავა: დღეს, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება დოკუმენტი, რა შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას და ხელისუფლებამ -ოპოზიციას

398

როდესაც „ქართული ოცნება” საუბრობს ცესკო-ს რეფორმაზე – ამით აღიარებს, რომ ცესკო არის სიყალბის ბუდე და საკმარისი ხმები აქვს იმისათვის, რომ ეს რეფორმა უჩვენოდ გაატარონ, ამიტომ, არავინ არ აპირებს გადაყლაპოს ეს ზღაპარი და თუ ვინმე წამოეგება ამ ანკესს, ეს მხოლოდ მისი პრობლემა იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხდა.

მისივე თქმით, პარასკევს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე, ამ მდგომარეობით, მხოლოდ „ქართული ოცნება” იქნება.

„თავად იმ პარტიებისთვის, რომლებისთვისაც ეფემერული ცესკოს რეფორმა საკმარისია პარლამენტში შესასვლელად, თვითონ უნდა თქვან, მე არ ვაპირებ თითის გაშვერას. ჩვენთვის და ოპოზიციის უმრავლესობისთვის, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს და ასევე, მათ შემადგენლობას, რიგგარეშე არჩევნები არის გადამწყვეტი და ფუნდამენტური საკითხი და არ იცვლება არანაირ მხოლოდ ცესკო-ს ეფემერულ რეფორმაში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც “ქართული ოცნება” საუბრობს ცესკოს რეფორმაზე ერთი – ამით აღიარებს, რომ ცესკო არის სიყალბის ბუდე და მეორე – ცესკოს რეფორმას არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა, საკმარისი ხმები აქვს იმისათვის, რომ ეს ცესკოს რეფორმა თავად გაატარონ უჩვენოდ. ამიტომ, არავინ არ აპირებს გადაყლაპოს ეს ზღაპარი და თუ ვინმე წამოეგება ამ ანკესს ეს მხოლოდ მისი პრობლემა იქნება. პარასკევს არის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა, სადაც მე ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობით იქნება მხოლოდ “ქართული ოცნება”, რადგან მათგან არანაირი ხელშესახები წინადადება არ არის. პროცედურა მდგომარეობს შემდეგში, როგორც კი დასრულდება პირველი რიგგარეშე სხდომა იმ პარტიების თავმჯდომარეებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, უნდა მიმართონ ცესკოს წერილით სიების ჩახსნის შესახებ. ცესკოს აქვს სამი დღე იმისათვის, რომ ეს სიები ჩახსნას და სიების ჩახსნის შემდეგ იმ სამოცმა კაცმა, ვინც თვლის, რომ ბოიკოტი არის ყველაზე სწორი ფორმა გაყალბებული არჩევნების მიმართ, ინდივიდუალურად უნდა მიმართონ პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილი არის სრულფასოვანი ბოიკოტის წინაპირობა, თუ ვინმე დაყოვნდება ესეიგი ის ორჭოფობს, ან სრულფასოვან ბოიკოტში არ თუ ვერ იღებს მონაწილეობას. როდესაც ადამიანები დაწერენ განცხადებას, რომ არ მინდა პარლამენტში და გავდივარ პარლამენტიდან კობახიძე იძახის, რომ არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, გამოდის, რომ პარლამენტი არის ციხე, საიდანაც დეპუტატს უნდა წასვლა, რადგან თვლის რომ სიყალბეა და შენ არ უშვებ – ესეთი რამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს, ესეთი სიბრიყვე და სიჩლუნგე არ არსებობს. ესეიგი პირდაპირ აღიარებ, რომ შენ პარლამენტი კი არა ციხე გაქვს მოწყობილი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება დოკუმენტი, სადაც მოცემული იქნება რა შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას და ხელისუფლებამ ოპოზიციას.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ დარიგებული იქნება დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება რა შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას და პირიქით ხელისუფლებამ რა შემოგვთავაზა ჩვენ, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს რას მამაძაღლობს “ქართული ოცნება”, – განაცხადა უგულავამ.