გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ არ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 7 ოპოზიციონერი, მათ შორის გიორგი ვაშაძე პარლამენტში შედის

324

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამსს, რომ არ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 7 ოპოზიციონერი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტში შედის.

როგორც ბოკერია აცხადებს, იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ მყარ პოზიციას შეინარჩუნებს.

„ვისთვისაც მისაღები აღმოჩნდება, რომ პარლამენტში შევიდეს, ბუნებრივია, ამაზე რეაქცია საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება. ოღონდ, მე იმედი მაქვს, ეს საჭირო არ გახდება“,- განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ის აღნიშნავს, მომავალში საქართველოსთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მყარი პოზიციის დაკავება აუცილებელია.

„ჩვენი პოზიცია და რამდენადაც ვიცი, კოლეგების უდიდესი ნაწილის პოზიცია არის მყარი, რომ საქართველოში არჩევნების იდეის გადასარჩენად და მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე ხიფათის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მყარი პოზიციის დაკავება, ეს არაა თვითმიზანი, ესაა ერთადერთი სწორი პოზიცია, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შემიძლია ვთქვა, ქვეყნის მომავლისთვის – ეს ერთი. მეორე, როდესაც რაღაც პოზიციას დაიკავებ, ბუნებრივია, უნდა გქონდეს გააზრებული, რატომ და რისთვის იკავებ ამ პოზიციას. „ევროპულმა საქართველომ“ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს. სხვა შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რეჟიმს გაუვა საქართველოში არჩევნების არსებითად გაუქმება, ეს არის ქვეყნისთვის უმძიმესი საფრთხის მომტანი საქართველოში“,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან 7-მდე დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს.