სერგო ჩიხლაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პარლამენტში შესვლას გეგმავს

353

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა, თუ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება, პარლამენტში შესვლა არ განიხილება.

“არანარი შესვლა არ განიხილება. ეს არის მცდარი ინფორმაცია, არ ვიცი რატომ ვრცელდება ან ვინ ავრცელებს. არანაირი შესვლა-გამოსვლა არ განიხილება, თუ არ იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება. ასეთი შეთანხმება მიღწეული არ არის. ამიტომ, გამოვრიცხავ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მცდარი ინფორმაცია“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, 3 ფუნდამენტური მოთხოვნიდან წინსვლა არის მხოლოდ საარჩევნო სისტემის საკითხზე. სერგო ჩიხლაძე არჩევნების ან პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლას გამორიცხავს.

„მიუხედავად ფასილიტატორების თხოვნისა, ჩვენ დღეს ან ხვალ გადავწყვეტთ და გავასაჯაროვებთ ყველა დეტალს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. რაც ითქვა პოზიტივთან დაკავშირებით, ეს იყო ის, რომ იმ სამი ფუნდამენტური მოთხოვნიდან ერთზე არის გარკვეული წინსვლა მხარეთა შორის. ეს ეხება საარჩევნო სისტემას, მაგრამ ორ ფუნადმენტურ საკითხზე, რაც არის არჩევნები, პლებისციტი ან პატიმრები, ამ თემაზე შეთანხმება არ არის. ამის გარეშე გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება შედგეს, ან ვინმე იფიქროს ამის გარეშე პარლამენტში შესვლაზე“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან 7-მდე დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს.