ზუგდიდის მერია დეკემბერში 5000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვებ პროდუქტს გადასცემს

746

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო.

ზუგდიდის მერიის ცნობით, პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გაუწიეს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მესამე წელია კვებით უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ეს პროგრამა წელსაც გრძელდება. ასევე, საახალწლოდ 500-მდე სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი მიიღებს სურსათს. აღნიშნული პროგრამის პარალელურად, მერია ახორციელებს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის დარიგებას და ჯამში, დეკემბრის თვეში დაახლოებით 5000-მდე ოჯახი მიიღებს სასურსათო კალათას“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერმა სისტემური ხასიათი მიიღო. ეს ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი ორიენტირებულია საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ორიენტირებულია იმაზე, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ყოველდღიური ყოფა იმ ადამიანებს, ვისაც ეს დახმარება სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაქსიმუმი და ჩვენ შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი მოწყვლადი ჯგუფი მოვიცვათ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს შევუმსუბუქოთ ის ვითარება, რომელიც არის გამოწვეული პანდემიით და ასევე, შევეცადოთ მათ გავუხალისოთ საახალწლო დღეები“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში საკვები პროდუქტით ჯამში 413 ბენეფიციარი ისარგებლებს. პროდუქტების გაცემას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს.