„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში, მთავარ, ვადამდელი არჩევნების საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის უარი თქვას მანდატებზე. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლა ამომრჩევლების ხმების დაცვას ემსახურება.
“ოპოზიცია არის აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ უარი თქვას მანდატებზე, რათა გაგრძელდეს ბოიკოტი თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ პოლიტიკურ შეთანხმებას, ჩვენ გვაქვს ეს ინსტრუმენტი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. ცხადია, რომ ეს არის უზარმაზარი დისკომფორტი და იმედგაცრუება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ხმები მოგვცეს იმისათვის, რომ ჩვენ გვემუშავა პარლამენტში, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ასევე დაგვავალდებულეს რომ დაგვეცვა ის ხმები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ. ამიტომ ეს ბრძოლა, თუ ეს პოზიცია არის სწორედ გაპირობებული იმით, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები და ეს მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე სწორედ ემსახურება ჩვენი მხარდამჭერების და ჩვენი თანამოქალაქეების ხმების დაცვას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ თუკი პოლიტიკური შეთანხმება არ შედგება, ბრძოლა ვადამდელი არჩევნებისთვის პარლამენტს გარეთ, მანდატების გარეშე გაგრძელდება. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში ერთპარტიული პარლამენტი დისკომფორტი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ და ოპოზიციის გარეშე, მარტო ყოფნა გაუჭირდება, მაგრამ ეს ოპოზიციის არჩევანი არ ყოფილა:
„ჩვენ იძულებული ვართ რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ… ჩვენ ეს თუ არ გავაკეთეთ და ამას ვამბობ სრული გულწრფელობით, ჩვენ დავანგრევთ არჩევნების იდეას. და არჩევნების იდეის დანგრევა ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნგრევას. არჩევნების მიმართ ისედაც დიდი უნდობლობა იყო ამ არჩევნების წინ მოსახლეობის მხრიდან. ისინი მუდმივად გვიმეორებდნენ, რომ მოგცემთ ხმას, მაგრამ დაიცავთ ჩემს ხმას? და მე არც დამიმალავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, რომ ეხლა იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შედეგები არ ასახავს ჩვენს ნებას, ამ ხალხს ვერ ვუღალატებთ, ვერ მივატოვებთ და უნდა მივაღწიოთ მათთან ერთად, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით დავნიშნოთ ახალი არჩევნები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „დილის საუბრებში“.