ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით მანძილზე გავატაროთ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის წინ აცხადებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება იქნება რთული, რაც მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა, გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ.
ფასილიტატორი ელჩი გამოთქვამს მზადყოფნას, გაიმართოს მოლაპარაკებათა იმდენი რაუნდი, რამდენიც საჭიროა პროგრესისთვის და საერთო პლატფორმის მისაღწევად.
„საერთო ჯამში, ვფიქრობ, გუშინ კარგი დისკუსია გვქონდა. შევეხეთ ყველა საკითხს, რაც ამ დიალოგის ნაწილია, ასევე შევძელით გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია, გაგვეღრმავებინა გაგება მხარეებს შორის ზოგ საკითხში. ამას გავაგრძელებთ დღესაც და ვნახავთ რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ, საერთო პლატფორმის მისაღწევად. პარლამენტის შეკრებამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომლაპარაკებლები ამ პროცესს გავაგრძელებთ.
მხარეთა მოთხოვნები ნამდვილად განსხვავებულია, ამიტომ ვიყავი და ვარ ფრთხილი მოლოდინებთან დაკავშირებით. ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით მანძილზე გავატაროთ. ამის იმედი გვაქვს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ეს იქნება რთული და მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ.
მზად ვარ იმდენი მოლაპარაკებათა რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე ვხედავთ, რომ პროგრესი არის და ვიდრე ვიგრძნობთ, რომ მივიწევთ წინ. ამისათვის მზად ვარ, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გველის ხვალ,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა და დასძინა, რომ დიალოგის მეოთხე რაუნდი დღეს გაიმართება.
კარლ ჰარცელის კომენტარის თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფასილიტატორი ელჩები. ქართული ოცნების მხრიდან, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იყო წარმოდგენილი.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.
მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია.