ხარაგაულის მოსახლეობა სოფლებში გაზიფიცირების დაჩქარებას ითხოვს

440

ხარაგაულის მოსახლეობა სოფლებში გაზიფიცირების დაჩქარებას ითხოვს, – ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

სოფლებში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ხარაგაულის ახალარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში მისი საქმიანობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით წელიწადში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხა 20 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარამდე გაიზარდა და დღეს კიდევ მეტადაა გაზრდილი.

ვარძიაში ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა სრულდება, ფარცხნალში, კიცხსა და ლაშეში მომხმარებელთა ჩართვის პროცესია დაწყებული. მთავრობის განკარგულებით, 2020-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 6 სოფელია განსაზღვრული – ღარიხევი, ქროლი, წიფი, ღუდუმექეთი, ლაშის იგორეთი და კიცხის იგორეთი.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ მოცემულობით დაკმაყოფილებას არ აპირებს და პარლამენტარ პაატა კვიჟინაძესთან ერთად სხვა სოფლებზე ზრუნვასაც გეგმავს.

„თუმცა, გაზიფიცირება ნახტომისებურად ვერ მოხდება, სოფლის პირად მისული გაზიფიცირების შესაძლებლობა ვერ დაკონსერვდება; ანუ, პირველ რიგში ის სოფლები გაზიფიცირდება, სადამდეც ბუნებრივი აირის მაგისტრალი მიყვანილია.

მაქსიმალურად ყურადღებას დავუთმობთ, რომ ჩხერიმელას ხეობა – საღანძილედან წიფის ჩათვლით, ასევე ღორეშისა და ძირულას ხეობის მიმართულებით სოფლები იყოს გაზიფიცირებული. თუმცა ეს ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხერხდება, არა თანხების უქონლობის, არამედ პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.