„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა ახალციხესა
და ადიგენში 40-ზე მეტი ინფრასტრუქტული პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
“ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მოქალაქეთა იდენტიფიცირებულ საჭიროებებს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.
ადიგენში მცხოვრები აქტიური მოქალაქეები წელს ჩვენს სამოქალაქო საბჭოებს პირველად
შემოუერთდნენ.
სოფლების დიდ ნაწილში პრობლემურია შიდა საუბნო გზების, სანიაღვრე არხების არსებული
მდგომარეობა, გარეგანათებისა და სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების გაუმართაობა,
ახალციხესთან დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასიდან ქვათა ცვენა და ა.შ. ქალაქის ნაწილში
კი ქვეითთა გადასასვლელები და ტროტუარებია გასაახლებელი, ზოგან კი მოსაწყობი; დასანიშნია
მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის რამდენიმე უბანში, ბევრგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელია დასამონტაჟებელი.
სამოქალაქო საბჭოები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინიციატივით შექმნილი
მოქალაქეთა არაფორმალური გაერთიანებებია, რომელთა მიზანია უშუალოდ ადგილობრივი
მოსახლეობის ჩართულობითა და ჩვენი ორგანიზაციის შუამდგომლობით მოგვარდეს
მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საბჭოების მუშაობაში სიახლე ის იყო, რომ ადიგენისა და ახალციხის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შევხვდით იქ არსებული პრობლემების მოკვლევისა და ადვოკატირების მიზნით.
2019 წელს კი ჩვენი საბჭოების ინიციატივით, ახალციხის მერიას მუნიციპალიტეტის 13 დასახლებაში არსებული 30-ზე მეტი პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მივმართეთ. მერიამ მიმდინარე წელს 13 მათგანის მოგვარების გადაწყვეტილება მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო საბჭოების მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. ამ დროისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ახალციხესა და ადიგენში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ჩვენი საბჭოების მიერ გამოვლენილი პრობლემების გადაჭრა მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვის დროს მაქსიმალურად გაითვალისწინონ,”- წერია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სრული კვლევა იხილეთ აქ: