ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსავლის ხედვასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციონერი ლიდერების ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, თავად ოპოზიციამ მოდერატორებს კრიზისიდან გამოსავლის მათი ხედვის დეტალური დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა კონკრეტულად რა წერია ამ დოკუმენტში, ბოკერიამ ამის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა.
„ჩვენ სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ მიმართულებით, რაც საჯაროდაც ცნობილია და რაც ჩვენთვის არის პრინციპული, რაშიც სიახლე არ არის, ანუ ფუნდამენტურ მიმართულებებზე. ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსვლის ხედვასთან დაკავშირებით.
ჩვენ მოვიტანეთ წერილობით სრულფასოვანი წინადადება და ახლა ველოდებით მათ წერილობით სრულფასოვან პასუხს. თუ რაიმე მინიმალური სურვილი აქვთ ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომ ეძებოს გამოსავალი კრიზისიდან, სწრაფად უნდა დადოს გამოსავალი მაგიდაზე და თავისი სრულფასოვანი შეთავაზება, სწორედ ისე, როგორც ეს გააკეთა ოპოზიციამ.
ამ ეტაპზე მოდერატორების პოზიციაც ეს არის და ისედაც სწორია, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებში არ შევიდეთ, მითუმეტეს, როდესაც ოპოზიციის შეხედულებების ფუნდამენტური მიმართულებები, თუ როგორც უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, უცვლელია,“- განაცხადა ბოკერიამ.
მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს მოდერირების პროცესში გაღებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.