“დღეს არის წინ გადადგმული პატარა, ფრთხილი ნაბიჯი, რომ რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფასილიტატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ის შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე განცხადებით, ოპოზიცია დღეს ელჩებთან კონკრეტული და შეჯერებული პოზიციით მივიდა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკოთ დეტალებზე. მართლა ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ. ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, კონკრეტული წინადადებით, რასაც ელჩები გააცნობენ „ქართულ ოცნებას“. სულ რომ ჯვარს მაცვათ, დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. ჩვენ ველოდებით შეთავაზებებზე „ქართული ოცნების“ პასუხს პრესკონფერენციებით კი არა, იმ ფორმატით, რა ფორმატშიც მიდის ჩვენი ურთიერთობა. „ქართული ონებისგან“ კომპრომისს და დათმობას რომ არ ველოდეთ მოლაპარაკების პროცესში, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ჩვენი ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ნელ-ნელა მიდიოდეს ეს პოროცესი წინ. რა თქმა უნდა, ორივენი ვართ გაჯიუტებული, ცალკე ოპოზიცია და ცალკე „ქართული ოცნება“ და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.